მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინი $100,000-მდე გაძვირდა, სატოში ნაკამოტოს ქონება კი $110 მილიარდამდე გაიზარდა

სატოში

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კრიპტობირჟაზე დაწყებული აღმასვლა გრძელდება. ბიტკოინი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული კრიპტოვალუტაა, ერთ მონეტაზე ფაქტობრივად $100,000-მდე გაძვირდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა 45%-ით იმატა, ხოლო კრიპტოვალუტის შექმნის შემდეგ, ბიტკოინი საერთოდაც 159.5 მილიონი პროცენტით არის გაძვირებული, რაც მას ყველაზე დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო აქტივად აქცევს.

ბოლოდროინდელი აღმასვლის ფონზე, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.98 ტრილიონამდე გაიზარდა, ხოლო კრიპტოინდუსტრიის ჯამური შეფასება $3.3 ტრილიონს მიუახლოვდა. ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების რეკორდული გაძვირების ფონზე, ბევრი ადამიანი მილიონერად და მილიარდერად იქცა. ბლოკჩეინის ანონიმური ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ ვინ ფლობს ყველაზე დიდი ღირებულებით ბიტკოინს, მაგრამ საჯაროდ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით კონკრეტული, შედარებით ლოგიკური ვარაუდების გამოთქმა მაინც შეგვიძლია.

ამ ლოგიკით, ბიტკოინის აქტივების ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი კრიპტოვალუტის შემქმნელი, ვინმე სატოში ნაკამოტო უნდა იყოს. კონკრეტულად ვინ არის სატოში ნაკამოტო, არის ის ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი და არსებობს ან ცოცხლობს თუ არა ის საერთოდ — კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. ერთადერთი, რაც სატოში ნაკამოტოს შესახებ არის ცნობილი ისაა, რომ პირველი ციფრული ვალუტის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ე.წ. White Paper-ი ინტერნეტში სწორედ ამ ფსევდონიმის ქვეშ გამოქვეყნდა.

სატოში ნაკამოტოს ვინაობის დასადგენად არაერთი არაფორმალური გამოძიება ჩატარებულა და ბევრი დოკუმენტური ფილმი გადაღებულა, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ამ ფსევდონიმის მიკერება ბევრად საფუძვლიან არგუმენტებს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ მომხდარ მოვლენებს შორის კორელაციის დანახვაა. საპირწონედ ამისა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ სატოში ნაკამოტო გამოჩენას არასდროს გეგმავს ისაა, რომ მასთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებზე არანაირი ტრანზაქციები არ ფიქსირდება, ანუ ბიტკოინის შექმნიდან, ამ დრომდე, სატოში ნაკამოტოს ფინანსურად ჯერ არ უხეირია, სულ მცირე პირდაპირ.

კონკრეტულის კრიპტოსაფულის დაკავშირება კონკრეტულ პიროვნებასთან, რომლის შესახებ ისედაც ფაქტობრივად არაფერია ცნობილი, ბლოკჩეინის ანონიმური ბუნებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელია. სხვადასხვა მონაცემებით, ბიტკოინის შემქმნელთან რამდენიმე ათეული კრიპტოსაფულე არის დაკავშირებული, რომლებიც რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ბიტკოინს ინახავენ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით არის ცნობილი — ის მისამართია, რომელზედაც ისტორიაში პირველი 50 ბიტკოინი ჩაირიცხა, რომელიც სატოში ნაკამოტომ მაინინგის სანაცვლოდ მიიღო. დღეს, ამ ანგარიშზე 100.15 ბიტკოინი ირიცხება, რადგან კრიპტოენთუზიასტები ამ ანგარიშზე პერიოდულად საკუთარ ბიტკოინებს რიცხავენ, რაც ერთგვარი სიმბოლური ჟესტია. დღევანდელი ფასებით, ამ ბიტკოინების ღირებულება დაახლოებით $10 მილიონის ტოლია.

თუმცა სხვა მონაცემებით, სატოში ნაკამოტოსთან სავარაუდოდ დაკავშირებულ სხვადასხვა კრიპტოსაფულეებში ჯამში დაახლოებით 1.1 მილიონი ბიტკოინი ინახება, რაც ბიტკოინის ჯამური მიწოდების 5.2%-ია. დღევანდელი ფასებით, ამ ბიტკოინების ღირებულება დაახლოებით $110 მილიარდია, ანუ თუ სატოში ნაკამოტო მართლაც არსებობს და თან, ამ რაოდენობის კრიპტოვალუტას ფლობს, ის მსოფლიოს რიგით მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანი უნდა იყოს. ქონების სავარაუდო შეფასებით სატოში ნაკამოტო ბევრ ცნობილ მილიარდერს უსწრებს, მათ შორისაა: INDITEX-ის დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა, ინდოეთის ორი უმდიდრესი ადამიანი, მუკეშ ამბანი და გაუტამ ადანი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, ფრანსუაზ ბეტენკურ-მეიერსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები