მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$150-მილიონიანი ინვესტიციით, თბილისის აეროპორტის გამტარიანობა წლიურად 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორთან ADP ჯგუფთან (TAV-ის მფლობელი) მიღწეული შეთანხმებით, TAV-ი 2031 წლის ჩათვლით იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი, განხორციელდება $150-მილიონიანი ინვესტიცია, რომლითაც აეროპორტის წლიური გამტარობა არსებული წლიური 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აქამდე მოქმედი შეთანხმებით, TAV-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი 2027 წლის ჩათვლით უნდა ყოფილიყო.

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეიცვლება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის არსებული კომერციული პირობებიც და სახელმწიფო კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამჯერ უფრო მეტად გაზრდილ შემოსავალს მიიღებს.

"არსებული ტერმინალის გამტარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. იზრდება თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა, დღეს არსებული 58-დან ის 65-მდე გაიზრდება. აეროპორტების გაერთიანების პირობები გაუმჯობესდა და კომპანია სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ამჟამად არსებული ხელშეკრულებით არის. ამასთან, კომპანია დამატებით ავანსად 25 მილიონ დოლარს მიიღებს.

იქამდე, სანამ ვაზიანის ახალი აეროპორტი 2031 წლიდან დაიწყებს ოპერირებას, განვაგრძობთ ADP ჯგუფთან თანამშრომლობას და ავიაციის სექტორის განვითარებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

მთავრობის ინფორმაციით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ამასთან, მთავრობა კვლავ გეგმავს თბილისში, ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის განვითარებას, რომელიც არსებული პროექტით 2031 წლიდან უნდა შევიდეს ოპერირებაში და მან წლიურად 20 მილიონი მგზავრის მომსახურება უნდა შეძლოს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იურიდიულად სახელმწიფო კომპანიის - "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია, ხოლო "ტავ ურბან ჯორჯია" საკონცესიო შეთანხმების შესაბამისად აეროპორტის ოპერატორია. 2024 წელს "ტავ ურბან ჯორჯიას", ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავალი 341.4 მილიონი ლარი, მოგება კი 184.2 მილიონი ლარი იყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სალიცენზიო ხელშეკრულების შესაბამისად, საერთაშორისო რეისზე თითოეულ მგზავრზე გამგზავრების მომსახურებიდან $25-ის შემოსავალს იღებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული საავიაციო შემოსავალი 52.8 მილიონი ლარი იყო. სწორედ ამ შემოსავლის გასამმაგების შესახებ გააკეთა განცხადება ეკონომიკის მინისტრმა.

აეროპორტის გაფართოების რენდერები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები