როგორც ჩანს, დასავლურ ბლოკადაში მყოფ რუსეთში ჩინეთიდან გაცილებით მეტი ტვირთი ჩადის, ვიდრე რუსეთიდან ჩინეთში, რის გამოც, ამ ეტაპზე, რუსეთში 150 ათასი კონტეინერი, უბრალოდ, ყრია, - ამ დასკვნამდე ლოგისტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია xChange-ი მივიდა. მკლევრების შეფასებით, კონტეინერების სიჭარბე მათ ფასზეც აისახება. თუ 2022 წლის თებერვალში, 40-ფუტიანი მაღალი მოცულობის მშრალი კონტეინერი, საშუალოდ, 4,175 $ი ღირდა, დღეს, მოსკოვში კონტეინერს 580-ც დოლარადაც იშოვით, რაც ფასის 86%-იანი კლებაა. არადა, იგივე კონტეინერი სხვა ქვეყნებში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია უშუალოდ კონტეინერზე და არა მის გადაზიდვაზე.
მოდი, ავხსნათ, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამომდინარე იქიდან, რომ საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, ცალმხრივია, ლამის ყველა კონტეინერი, რომელიც რუსეთიდან ჩინეთში გადის - ცარიელია. ამ კონტეინერებს ჩინური კომპანიები ტვირთით ავსებენ და მოგვიანებით, ისინი რუსეთში იცლება, მაგრამ ჩინურ კომპანიებს ურჩევნიათ, ცარიელი კონტეინერები რუსეთშივე გაყიდონ, ვიდრე ისინი უკან, ანუ ჩინეთში წაიღონ, რადგან ეს უფრო ძვირი ჯდება და მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის ფონზე, რეალურად, აზრსაც არის მოკლებული.
ამ ყველაფრის ფონზე, რუსული პორტები და გზები გადაჭედილია, რაც სატრანსპორტო დერეფანს გაუმართავს ხდის და ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მოსკოვის მისადგომებთან და რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მთავარი სატრანსპორტო გზები გადის. ლოგისტიკური კოლაფსის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ინვესტიცია კი დააბანდა, მაგრამ ფისკალური, ანუ ფულთან დაკავშირებული შეზღუდვების და ბიუჯეტის მწვავე დეფიციტის ფონზე, ამ პრობლემის მოგვარება რუსეთისთვის არც თუ ისე მარტივია. აი, სწორედ აქ, ჰორიზონტზე კიდევ ერთხელ ჩნდება ჩინეთი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთს ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარება, ცხადია, “ერთი სარტყლისა და ერთი გზის” ინიციატივის ფარგლებში.
თუმცა ყველაფერი ის, რაც ახლა მოგიყევით, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა გაუარესებულია და არც იმას, რომ რუსეთი ჩინეთისგან დიდ იმპორტს ახორციელებს, მაგრამ საპირწონედ არაფერს ყიდის. პირიქით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა თითქმის $9 მილიარდით იმატა და აგვისტოში, $21 მილიარდს მიაღწია. საერთო ჯამში, 2023 წლის 1-ელ შვიდ თვეში, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა 36.5%-ით იმატა და $134 მილიარდს გადააჭარბა. ჩინეთიდან რუსეთის მიმართულებით ექსპორტი 74%-ითაა მომატებული, იმპორტი კი - 15%-ით.
პარალელურად ამისა, ომის დაწყების შემდეგ, ბანკების მიერ რუსეთის ფედერაციაზე გაცემული ფინანსური სახსრების მოცულობა 200%-ითაა გაზრდილი. სესხების მოცულობის გასამმაგება მარტივი მიზეზითაა განპირობებული - დასავლურ ბანკებთან და მათ ფულთან წვდომა რუსეთს აღარ აქვს და ამ მოთხოვნას, სწორედ ჩინეთი აკმაყოფილებს. თუმცა უშუალოდ ეკონომიკური მიზეზის გამო, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სესხებს რუსეთი არა ამერიკულ დოლარში, არამედ ჩინურ იუანში იღებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ჩინურ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის, რაც ჩინეთისთვის კიდევ ერთ პლუსად ითვლება.
ამასთან, ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთი, ისევე, როგორც ინდოეთი, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი შემსყიდველი გახდა, რადგან ბოიკოტის ფონზე, რუსეთი იძულებულია ჩინეთს ნავთობი იმაზე იაფად შესთავაზოს, ვიდრე ეს სხვა დროსა და ვითარებაში იქნებოდა შესაძლებელი. ამ კონტექსტში, ნედლი ნავთობი რუსეთიდან ჩინეთისთვის მთავარ საიმპორტო საქონელად იქცა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ჩინეთში $67.2 მილიარდის რუსული ნედლი ნავთობი შევიდა, მაგრამ სიაში ვხვდებით სხვა ენერგორესურსებსაც, მათ შორის ბუნებრივ აირს, ნავთობპროდუქტებს, ანუ, მათ შორის, ბენზინსა და დიზელს, ქვენახშირსა და ხე-ტყეს.
რუსეთის ექსპორტი ჩინეთში - მთავარი საქონელი ($)
(იანვარი-აგვისტო, 2023)
ნედლი ნავთობი - $67.2 მლრდ
ბუნებრივი აირი - $22.1 მლრდ
ნავთობპროდუქტები - $16.7 მლრდ
ქვანახშირი - $13.1 მლრდ
ხე-ტყე - $8.9 მლრდ
რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ჩინეთიდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტის მიმართულებით. ამ რეიტინგს მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები ლიდერობს, ლამის $29-მილიარდიანი ჯამური ღირებულებით. რუსეთისთვის ჩინეთიდან მთავარ საიმპორტო საქონელს შორის ასევე არის ქიმიური პროდუქტები, ავტონაწილები, სატელეკომუნიკაციო აპარატურა და სათამაშოები.
ჩინეთის ექსპორტი რუსეთში - მთავარი საქონელი ($)
(იანვარი-აგვისტო, 2023)
მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები - $28.7 მლრდ
ქიმიური პროდუქტები - $10.6 მლრდ
ავტონაწილები - $5.7 მლრდ
სატელეკომუნიკაციო აპარატურა - $5.1 მლრდ
სათამაშოები და სპორტული საქონელი - $4.8 მლრდ
ყველა ზემოხსენებული პროდუქტი პირდაპირ უკავშირდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლის შემდეგ, რუსეთში, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, აღარც კოკა-კოლა იყიდება და აღარც ცნობილი საავტომობილო ბრენდების მიერ შექმნილი ავტომობილები. იმავეს თქმა შეიძლება სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობებზე, რომელთა წარმოებისთვის საჭირო ცოდნა და ტექნიკური რესურსი, უბრალოდ არ არის. ასეთი პროდუქტების ყველაზე ნათელ მაგალითად - მიკროჩიპები გამოდგება.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე, რუსეთში გერმანული მანქანები დადიოდნენ, ხოლო ადამიანებს ევროპული ბრენდების მიერ წარმოებული ტანსაცმელი ეცვათ, ორივე ამ კატეგორიას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა რამეს - ჩინეთი ანაცვლებს, რომელიც, ობიექტურები თუ ვიქნებით, ზესახელმწიფოა, რომელიც აწარმოებს ყველაფერს, რისი წარმოებაც შეიძლება და შესაბამისად, რუსეთისხელა ქვეყნის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაც მარტივად შეუძლია.
ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულის გაზრდის პარალელურად, მკვეთრად მცირდება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთზე, არადა, ისტორიულად, ევროპა რუსული გაზის უდიდესი შემსყიდველი გახლდათ. თუ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროკავშირის გარედან განხორციელებულ იმპორტში რუსეთის წილი ლამის 10%, ანუ მეათედი იყო, 2023 წლის ივნისში, ეს მაჩვენებელი 1.7%-მდე შემცირდა. კლება ფიქსირდება საწინააღმდეგო მიმართულებითაც. თუ 2022 წლის თებერვალში რუსეთზე ევროკავშირის ექსპორტის ლამის 4% მოდიოდა, დღეს, ეს მაჩვენებელი 1.4%-ს შეადგენს.
მოსალოდნელია, რომ დროის გასვლასთან ერთად, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე კიდევ უფრო გაიზრდება.