მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგრამ მეტის მოლოდინი გვქონდა - მაია მელიქიძე ენერგეტიკულ ბირჟაზე

მაია მელიქიძე

ენერგეტიკულ ბირჟა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. პლატფორმაზე ვაჭრობა შეუძლიათ როგორც გენერაციის ობიექტებს [გარდა მარეგულირებელი ჰესებისა], ისე მსხვილ მომხმარებლებს.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ BMGTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ინვესტორებისთვის CFD აუქციონი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე PPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები. მისივე ინფორმაციით, ამოქმედებიდან დღემდე 17 კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ.

"ბირჟის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 6-ჯერ გადადებულმა ბირჟამ გარკვეულწილად ინვესტორების ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ჯამში 17 კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგრამ მეტის მოლოდინი გვქონდა. ჩვენი გადმოსახედიდან, უბალანსობის ბაზარი უნდა ჩაირთოს და უნდა განისაზღვროს პროცესზე ვინ იქნება პასუხისმგებლობის ამღები.

ვფიქრობდით [ბირჟის] სრულად გახსნასაც, მაგრამ ისიც მისასალმებელია, რომ პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ. მომავალი წლის 1 ივლისს [ბირჟა] სრული სახით უნდა გავხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი სკეპტიციზმი ჩამოყალიბდება, რაც ჩვენ ხელს არანაირად არ გვაძლევს. მით უმეტეს, რომ ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, გარდა თურქეთისა, სადაც ექსპორტი გაგვაქვს. წელს პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში სომხეთმა ელექტროენერგია გაიტანა. ჩვენ 150 მგვტ-იანი გადამცემი ხაზი გვაქვს და ითხოვენ, რომ 350-მდე აიწიოს, მაგრამ მე რეკომენდაცია გავეცი, რომ 700-მდე აიწიოს, იმიტომ, რომ ასეა თუ ისე, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დაგვჭირდებით.

ინვესტორებისთვის CFD 1 და 2 აუქციონი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შეთავაზება, რომელიც PPA-ს მსგავსია. ნებისმიერი რაღაც, რასაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, არასდროს არ არის ის ვალიდური. რასაც აქვს ხოლმე სავალდებულო ხასიათი, ის არის უფრო ქმედითი. ეს არის მოცემულობა და რეალობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებაყოფლობითი აუცილებლად სავალდებულოში უნდა გადავიდეს. იმისათვის, რომ უფრო მეტი კომპანია ვნახოთ, მაგრამ კომპანიათა დამოკიდებულებას დადებითად არ ვაფასებ“,- განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება შემდეგ სავალდებულო გახდეს, უნდა იყოს ახლავე გათვლილი და დაჰეჯირებული. იმიტომ, რომ პირველი ივლისიდან, 2025 წლის როდესაც უბალანსობის ბაზარი შემოვა, დადგება პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელსაც ფინანსური დანახარჯი მოჰყვება. ფინანსური დანახარჯი ბიზნესისთვის ყოველთვის მტკივნეულია ხოლმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები