მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივად გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟის ნაწილობრივ ამოქმედება სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც მაია მელიქიძემ BMG-ს განუცხადა, გენერაციის ობიექტებისთვის მთავარ გამოწვევას უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ახალი ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული ვადა მიეცეთ.

რაც შეეხება საკითხს, გავლენ თუ არა გენერაციის ობიექტები ბირჟაზე ნებაყოფლობით, მაია მელიქიძე აცხადებს, რომ კერძო სექტორს ბირჟის კონცეფციასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები კვლავ რჩება და მათი დაზუსტების შემდეგ, კომპანიების მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება მოსალოდნელია.

“ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადაიდო, ესაა მე-7 მცდელობა. ყველას გვესმის, რომ ბირჟის სრულად გახსნა შესაძლოა, დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ უნდა დავიწყოთ პირველი ნაბიჯის გადადგმა და ეს სწორი სტრატეგიაა ამ ეტაპისთვის. გენერაციის ობიექტებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა უბალანსობაზე პასუხისმგებლობაა და მართებულია, რომ ეს ვალდებულებები ეტაპობრივად შევიდეს ძალაში. ბირჟის მე-7 ჯერ გადავადება არავის ინტერესში არ შედის და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნით ნაკლები რყევები იქნება.

კომპანიებს ენერგეტიკული ბირჟის კონცეფციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვები აქვთ და მოლოდინი გვაქვს, რომ მის ამოქმედებამდე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. დასაწყისისთვის, ვფიქრობ, რომ კომპანიები დააკვირდებიან ვითარებას და როდესაც ნახავენ, როგორ მუშაობს ბირჟა, 2-3 თვეში ამ მიმართულებით დაინტერესება გაიზრდება.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება და საწყის ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობა ნებაყოფლობით იქნება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები