იაპონიაში ნეგატიური მონეტარული პოლიტიკის ეპოქა საბოლოოდ დასრულდა. 17 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა და განაკვეთმა -0.1%-ის ნაცვლად 0 პროცენტი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კაზუო უედას განცხადებით, ქვეყანა ტრადიციულ მონეტარულ წყობილებას დაუბრუნდა და მრავალწლიანი ექსპერიმენტი, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო, დასრულდა.
ნეგატიური რეფინანსირების განაკვეთის ამოქმედების მიზანი ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და ინვესტიციების ხელშეწყობა იყო, რადგან მოქალაქეებსა და ინვესტორებს ფულის უქმად გაჩერების სურვილი აღარ ჰქონოდათ. მართალია, ამ პოლიტიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ამჟამად ქვეყანა 2%-იანი ინფლაციის წინაშეა, რაც სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს, ამიტომ მის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა საჭირო.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულ წყობილებასთან დაბრუნებას ინვესტორებიც მიესალმებიან, რადგან ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ძირითადი იაპონური ინდექსი თითქმის 1%-ით გაიზარდა.