რუსეთმა მოსკოვში მდებარე დომოდედოვოს აეროპორტი "შერემეტიევოს" აეროპორტის მფლობელი კომპანიის შვილობილს, Perspektiva-ს $869 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
შეგახსენებთ, აღნიშნული აეროპორტის ნაციონალიზაცია რუსეთის ხელისუფლებამ 2025 წლის ივნისში გამოაცხადა. პირველ ჯერზე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა, რადგან აუქციონზე წარმოდგენილი ფასი $1.75 მილიარდი დოლარი დაინტერესებულმა მხარეებმა არაშესაბამის ღირებულებად მიიჩნიეს. ცნობისთვის, ნაციონალიზაციის მომენტისთვის აეროპორტი უკვე წაგებაზე მუშაობდა და $993 მილიონის ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ახალმა მფლობელმა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო, ობიექტი ყველაზე მინიმალურ ნებადართულ ფასად შეისყიდა.
ქონების მართვის ფედერალური სააგენტოსაგან დომოდედოვოს გამოსყიდვის შემდეგ Perspektiva პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა აეროპორტი კვლავ მოგებაზე გავიდეს და არსებული ფინანსური ვალდებულებები გაისტუმროს. შეგახსენებთ, Perspektiva-ს მშობელი კომპანია მოსკოვის უდიდეს აეროპორტ "შერემეტიევოს" ფლობს. ის კალინინგრადშია რეგისტრირებული და მას 2022 წლამდე რუსი ბიზნესმენი არკადი როტენბერგი პარტნიორებთან ერთად ფლობდა.




























