საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 175,774 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.00%-ზე დატოვა. შესაბამისად, 175,774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.
175,774 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (95%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.6 მლრდ. ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.9 მლრდ. ლარის (45%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 4.0 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.4 მლრდ. ლარს შეადგენს. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 226,805, იპოთეკურის 57,108 და სამომხმარებლო სესხის კი 32,049 ლარია.
წლიურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 16.4%-ით გაიზარდა (საშუალო წლიური, 7 თვე). ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+26.3%, საშუალო წლიური, 7 თვე), ბიზნეს სესხების და სამომხმარებლო სესხების მოცულობა კი შესაბამისად 17.2%-ით და 10.1%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში.
2024 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 23 მლრდ. ლარით, 32 მლრდ. ლარამდე გაიზარდა ივლისის თვეში ზრდამ 23% შეადგინა, რაც 2018-2024 წლების საშუალო ზრდას აღემატება (+19%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.5 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული სესხების მოცულობა 58%-ია (18 მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.
2024 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.5% შეადგინა, რაც 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე (15.7%).
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის აგვისტოს თვეში 1.0% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და ეს პროცესი 2023 წლის მაისიდან დაიწყო.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც გაზრდილია რისკები და გაურკვევლობა. შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე. სამწუხაროდ, ისევ გაურკვეველი რჩება ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.