„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას ეხმაურება. მისი თქმით, ცვლილებები საფრთხეს უქმნის როგორც სებ-ის დამოუკიდებლობას, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორების განწყობებს.
„სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ თებერვალში მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ არ მიეღოთ ეს ცვლილებები და შემდეგ კიდევ იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ვეტო არ დაეძლიათ. ეს არ არის პოლიტიკური პარტია და ანალიტიკური ორგანიზაცია, ისინი ძალიან ერიდებიან ასეთ განცხადებებს ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო ყურადსაღები და ამ დროს ჩვენ პირიქით, სავალუტო ფონდის წინააღმდეგაც კი დავინახეთ კამპანია.
დიდი ხანია ქართულ პოლიტიკას ვაკვირდები და არცერთი ხელისუფლება არ მახსენდება, რომელიც ამდენი საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ და ამთ შორის სავალუტო ფონდის წინააღმდეგ გაილაშქრებდა.
IMF-ის მიზანი ყოველთვის იყო ქვეყნის დახმარება, მათი მხრიდან ყოველთვის ობიექტურად ფასდებოდა როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა. როდესაც გეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, მგონი ეს უნდა გაეთვალისწინებინათ, თუმცა ჩემი აზრით „ქართული ოცნების“ მიზანი სულაც არ არის მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ბოლო 11 წელში მათ მოახერხეს და თითქმის ყველა შტოს ყველა ინსტიტუტი, ფაქტობრივად ჯიბეში ჩაიდეს და ახლა სურვილი აქვთ რომ ეროვნული ბანკიც ჯიბეში ჩაიდონ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არ გამოირჩევა პოლიტიკური ნაბიჯებით, მაინც სურვილია რომ მათთვის მისაღები კანდიდატი იყო სების ხელმძღვანელი და არა ის, ვინც არის დღეს, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, წარმატებით ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ ფულს გასესხებს, მის შეფასებებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ინვესტორების განწყობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მთლიანად საერთაშორისო დონორების მიერ ხორციელდება, საკრედიტო და სხვა ტიპის რეიტინგები, სადაც შეუცვლელია მათი დასკვნები,“ - აცხადებს კეპულაძე.
„საზოგადოება და ბანკებში“ თვლიან, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფინანსო სისტემაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სექტორის პოზიციები უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას დღეს ნამდვილად ემუქრება საფრთხე, თან თუ დავაკვირდებით სურვილს და კონკრეტული პირების დასახელებას. მათ უნდათ კონკრეტული პირები ალბათ იმისთვის, რომ გააკეთებინონ ის, რასაც არც ახლანდელი და არც წინა მენეჯმენტი არ აკეთებდა.
სების დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად არის გარანტირებული, სადაზღვეოს გარდა ის არეგულირებს სრულად საფინანსო სისტემას. ანუ მას აქვს ბერკეტი იმოქმედოს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე თავისი გადაწყვეტილებებით, შემოიღოს ისეთი რეგულაცია, რომელიც პირობითად საარჩევნო წელს ვიღაცის გულს მოიგებს, მაგრამ ამით დაზიანდეს საფინანსო სექტორი და მილიონობით იმ მოქალაქის მდგომარეობა, რომლებიც მათი მომხმარებლები არიან.
საინტერესოა საფინანსო ორგანიზაციების შეხედულებაც, უცხოური ორგანიზაციებისგან კრედიტებს მხოლოდ სახელმწიფო არ იღებს, ბანკებიც ეთანამშრომლებიან, ამიტომ საინტერესოა მათი პოზიციაც, რაც ჯერ არ ისმის. მესმის რომ რეგულატორზე ეს არ უყვართ, მაგრამ როცა აშკარა საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვფიქრობ, მეტი მკვეთრი განცხადებაა საჭირო,“ - განაცხადა კეპულაძემ.
ცნობისთვის: "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 13 ივნისს დაძლია. ვეტოს დაძლევით პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც.