ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადით პროდუქტებზე არსებული 86%-იანი ფასნამატი ვერ აიხსნება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში" სტუმრობისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტებზე 86%-იანი ფასნამატი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.
"კვლევის მიხედვით, 86%-იანი ფასნამატი არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს და შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ, ფასნამატის მარჟაზე, რომელიც არაგონივრულად მაღალია, არამხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოში ქვეყანა არ მოიძებნება სადაც ამხელა ფასნამატი შეიძლება იყოს
18%-იანი დღგ-ით ვერ აიხსნება 86%-იანი ფასნამატი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტზე არსებობს. ეს სწორედ პირველ რიგში საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობაშია შესასწავლი - რამდენად სწორად მოქმედებს ესა თუ ის ბიზნესოპერატორი. ეს არ არის მხოლოდ ერთი სექტორი, მხოლოდ ერთი მიმართულება - აქ არიან როგორც იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო მოვაჭრეები და ყველა კომპანიას ამ პროცესში თავისი წვლილი აქვს.
ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ყველა ბიზნესოპერაცია, რომელიც საქართველოში ტარდება საბაზრო პრინციპების შესაბამისია და არ ხდება გარკვეულწილად დამახინჯება სხვადასხვა მექანიზმების. ბუნებრივია, როდესაც 86%-იან ფასნამატზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ამას თავად აღიარებენ ბიზნესის წარმომადგენლები. როგორც დისრიბუტორები, ასევე იმპორტირები და ასევე საცალო ქსელების კომპანიები. შესაბამისად, ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართული. იმედი გვაქვს, რომ ეს სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულებით, მიგიყვანს იქამდე რომ ფასების შემცირება მოხდება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
"შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ მარჟაზე, რომელიც არის არაგონივრულად მაღალი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება ბევრი ქვეყანა, სადაც ამხელა ფასნამატი შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროდუქციაზე",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სურსათზე ფასების შემცირების სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს სამთავრობო და საპარლამენტო კომისია.
"პირველი - ხომ არ არის არასწორი ბიზნესმოდელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი გასწორება. მეორე მხრივ მიმდინარეობს საბაზრო ძალაუფლების შესწავლა - ხომ არ ხდება საბაზრო ძალაუფლების გამოყენება იმისთვის, რომ არსებობდეს ასეთი ფასნამატები და მესამე - კარტელური გარიგებები, ანუ შეთანხმებები ბაზრის მონაწილეების მხრიდან, რომელმაც ასევე შეიძლება დაამახინჯოს ბაზარი. ვფიქრობ, რომ სამივე ამ მიმართულების არსებობის ნიშნები არსებობს, თუმცა ამას უნდა შესაბამისი დადასტურება, დამტკიცება და ამის შემდგომ ხდება რეაგირება, გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არა მხოლოდ ადმინისტრირების, არამედ საკანონმდებლო დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში სრულად იქნას გამორიცხული მსგავსი ტიპის ქმედებები და ეს არ იყოს ერთჯერადი ხასიათის დარეგულირება, არამედ ბაზარზე თანაბარი და სწორი კონკურენცია იყოს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა და განაცხადა, რომ ეს პროცესები ბიზნესის თავისუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის.
"ბიზნესის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ჩვენ საბაზრო პრინციპების შესაბამის პრინციპებზე ვსაუბრობთ. ჩვენ არასაბაზრო მოთხოვნებს არ ვაყენებთ. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა. არ გამოვრიცხავთ, რომ საჭირო იყოს საკანონმდებლო ცვლილებებიც, თუმცა საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სექტორის გამართულ საბაზრო პრინციპებით ფუნქციონირებაზე და არა რაიმე შეზღუდვებზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




























