“სატრანზიტო დერეფნების შეკვრა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 18-მეტრიანი ავტობუსების 100%-იან ეფექტს ვერ ვნახავთ”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელმა გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა.
როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სრულად შეთავაზებული 10 სატრანზიტო დერეფნიდან დასრულებული არცერთი არ არის. თუმცა მას შემდეგ რაც წერეთლის გამზირი გაიხსნება და აღმაშენებლისა და გელოვანის გამზირზე საავტობუსე ზოლები მოეწყობა, სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელოვანი წილის მოცვა მოხდება. მისი თქმით, მთავარია საავტობუსე ზოლების ქსელის ერთმანეთთან დაკავშირება სწრაფად მოხდეს, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა შეუფერხებლად იმოძრაონ.
“მთლიანობაში დასახელებულ მარშრუტებში გამტარუნარიანობა გაიზრდება, იმიტომ რომ ამ ავტობუსების სახით გაცილებით უფრო დიდი რესურსი შემოდის. თუ ამ სიტუაციას იმასთან შევადარებთ, როდესაც ეს დერეფნები მთლიანად შეიკვრება, ეს კიდევ უფრო მეტად ეფექტურად იქნება გამოყენებული. შეფერხებას ამას ვერ დავარქმევ, მაგრამ 100%-იანი ეფექტურობა, რაც ამას უკვე ამ დერეფნების დასრულების შემდეგ ექნება, პირველივე ეტაპიდან საგრძნობი არ იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, იმ მარშრუტებზე, სადაც ამ ავტობუსებს შემოიყვანენ, პირველ ეტაპზე რთული კვანძების სწრაფად დაგეგმარება მოხდეს. მათ შორის ასეთი რთული კვანძი დიდ დიღმის გასასვლელშია. ამის შემდეგ გარკვეულ გაუმჯობესებას მგზავრი უკვე იგრძნობს და სრულ სურათს მას შემდეგ მივიღებთ, რაც დერეფნები სრულად ამოქმედდება”, - ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში ჯერ კიდევ 2020 წლისთვის დააანონსა, თუმცა ფაქტია, რომ არაერთი ანონსის შემდეგ თბილისში სატესტო რეჟიმში 18-მეტრიანმა ავტობუსებმა 2024 წლის იანვრიდან დაიწყო გადაადგილება. აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა წინასწარ განსაზღვრულ სწრაფ სატრანზიტო დერეფნებში უნდა იმოძრაონ, რომელიც შედგენაც წლების წინ თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია "სისტრამ" უზრუნველყო.
ჯერჯერობით უცნობია რომელ მარშრუტებზე გადანაწილდება ახალი ავტობუსები, თუმცა როგორც თბილისის მერი მიმდინარე წლის ნოემბერში აცხადებდა. ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე 4 ხაზზე იმოძრავებდა. საუბარია 301, 302, 308, 314 ავტობუსის ხაზებზე.