მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი... - რა ვალდებულებებით აშენებს „ჯინო ველნეს გრუპი“ ბაკურიანში პროექტს?

ჯინო ველნეს გრუპი

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ჯინო ველნეს გრუპს“ ბაკურიანში სასტუმრო პროექტის განხორციელებისთვის საინვესტიციო პირობები შეუცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 11 ივლისის თარიღით გამოქვეყნებული განკარგულებით, ცვლილება შევიდა „ჯინო ველნეს გრუპისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ 2016 წელს გამოცემულ განკარგულებაში და კომპანიას სხვა ცვლილებებთან ერთად საინვესტიციო ვალდებულება გაეზარდა.

„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ 2016 წლიდან დაგეგმილი ბაკურიანში სასტუმროს და აკვაპარკის პროექტის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელთან არაერთხელ განუახლებია. როგორც მიმდინარე წელს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, დღეისთვის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროა, საიდანც 1,5 მლნ უკვე ინვესტირებულია. მან ისიც აღნიშნა, რომ სასტუმროს და აკვაპარკის პროექტი შეიცვალა და სამთო კურორტზე „ჯინო ჰოლდინგი“ ბუტიკურ ტიპის სასტუმროს ააშენებს, რომლის მთავარი უპირატესობა გეოთერმული აუზები იქნება. Gino Thermal Hotel-ის გახსნას კომპანია 2026 წელს გეგმავს.

რაც შეეხება განკარგულებას, 2016 წლის 429-ე განკარგულებით „ჯინო ველნეს გრუპს“ სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 500 000 ლარად გადაეცა, რომელიც კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაეფარა. განკარგულებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას სამშენებლო ნებართვის მიღებიდან არანაკლებ 24 თვეში და ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მინიმუმ 3 000 კვ.მ. უნდა გაეშენებინა 500 ადამიანის მომსახურების შესაძლებლობის მქონე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც მოიცავდა, (მაგრამ არ შემოიფარგლება), დასასვენებელ და გასართობ პარკს, რესტორანს, კაფე-ბარებს, ღია და დახურული ტიპის აუზებს, ფიტნეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ზონას, კომერციულ ფართებს, მათ შორის მშენებლობა-ექსპლუატაციას.

პროექტის განხორციელებისთვის კი „ჯინო ვენლნეს გრუპს“ მინიმუმ 4.2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და 5 წილს ვადით 20 ადამიანი დაესაქმებინა.

2024 წლის 11 ივლისის განკარგულებაში, მთავრობამ ვალდებულებები 2016 წლის განკარგულებასთან შედარებით, უფრო მცირე მიწის ნაკვეთთან მიმართებით შეცვალა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ინვესტორმა არანაკლებ 18-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი 2027 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს, რომელიც მოიცავს რესტორანს (მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამით). ამისთვის ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 5 550 855 ლარი უნდა იყოს. ამასთან „ჯინო ველნეს გრუპი“ ვალდებულია, რომ ცვლილებების შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე 100 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარადგინოს, რომლის მოქმედების ვადაც 2028 წლის პირველი მარტის ჩათვლით განისაზღვრება.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ 2016 წელს სახელმწიფომ ინვესტორს დაბა ბაკურიანში 76 308 კვ.მ-ის ფართის ქონება 500 000 ლარად გადასცა, თუმცა „ჯინო ველნეს გრუპმა“ აღნიშნული ქონება 2022 წლის ნოემბერში სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნა. სანაცვლოდ კი ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე 4 704 კვ.მ-ის ფართობის ქონება გადაეცა. სწორედ ამ მიწის ნაკვეთთან მიმართებით შევიდა ცვლილებები 2016 წელს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც „ჯინო ველნეს გრუპის“ მიერ სასტუმრო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები