მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩაილურის წყალი დალია“ - ნოდარ გიორგაძე ბაკურიანში აკვაპარკის კომპლექსის პროექტზე

აკვაპარკი ბაკურიანში

„ჩაილურის წყალი დალია“ - ასე აფასებს „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ბაკურიანში დაგეგმილ მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტის შესრულების პერსპექტივას, რომელიც აკვაპარკისა და სასტუმრო კომპლექსის მოწყობას მოიცავდა.

2020 წელს სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგის“ მმართველი ამბობდა, რომ პროექტში, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ათეულობით მილიონი ევრო ჩაიდებოდა, თუმცა მაშინ ინვესტორს მიწების ადგილმონაცვლეობის თემა აფერხებდა. არადა GINO Holding-ი საქართველოში მეორე აკვაპარკის ამოქმედებას ბაკურიანში ჯერ კიდევ 2016 წლიდან გეგმავდა.

ქვეყანაში სლოვაკური ინვესტიციებით განხორციელებული ტურისტული პროექტების მმართველი უკვე წელს გადაცემა #რედაქტ2-ში ამბობს, რომ ეს პროექტი აღარ განხორციელდება, თუმცა მომავალში მისი გააქტიურების იმედს არ კარგავს. ნოდარ გიორგაძე პროექტის შეჩერების მიზეზებსაც განმარტავს.

„რომ იტყვიან [ბაკურიანის აკვაპარკის პროექტმა] ჩაილურის წყალი დალია. ჩემთვის პირადად ეს ერთი მხრივ დასანანია,რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს პროექტი ბაკურიანში იმუშავებდა, რადგან სამთო კურორტს ატრაქციების მხრივ არაფერი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი იმიტომ ჩაიშალა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს კომპლექსი უნდა აშენებულიყო და სადაც დიდველზე მიწა გვქონდა გადმოცემული, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ეს ზამთრის ჩემპიონატის ჩასატარებლად ყველაზე კარგი ადგილი იყო, ამიტომ მანდ მოეწყო ინფრასტრუქტურა და ამ პროექტისთვის ადგილი არ დარჩა.

ადგილმონაცვლეობა გარკვეულ ნაწილში გაკეთდა, სახელმწიფოსთან მოვაწერეთ ხელი... ამას დავთანხმდი, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესშიც შედიოდა. ეს აკვაპარკი ბაკურიანს თავის ღირებულებას შესძენდა“, - აცხადებს გიორგაძე.

ინვესტორი პროექტის პერსპექტივაზე მაინც საუბრობს და ამბობს, რომ მისი შესრულება კურორტზე არსებულ ცენტრში არსებულ თავისუფალ მიწაზე შეიძლება.

„ეს პროექტი ბოლომდე დავიწყებული არ არის, რადგან თუ სადმე რაღაც გამოჩნდა იმ ტერიტორიაზე, ამის გაკეთება შეიძლება. ბაკურიანში ტაფობი, რომ არის იდეალური ადგილია იმისთვის რომ შეიქმნას ცენტრი, ჰაბი იქნება ეს აკვაპარკი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სპორტული კომპლექსი თუ სხვა“, - აღნიშნავს „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები