პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ამ ეტაპზეც, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო რეგისტრაცია მიმდინარეობს, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რადგან ადამიანები ეძებენ ისეთ პროფესიებს, სადაც შეუძლიათ მოკლე დროში სწავლა და დასაქმება.
პროფესიული განათლების მსურველებს სასურველი პროგრამების ასარჩევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. დუალურ, ანუ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასთან ერთად წელს სიახლეა ის, რომ გაფართოვდა ინტეგრირებული პროგრამები, რომლის გავლისას მსურველი არამარტო პროფესიულ განათლებას იღებს, არამედ საშუალო განათლების პროფესიული სასკოლო ატესტატის მფლობელიც ხდება და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
პროფესიული განათლების რეფორმის ნაწილია კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელის შემოტანაც. განათლების სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკით მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება ახალ საფეხურზე გადავიდა. სკოლებში პროფესიული სწავლების დანერგვასთან ერთად, სამინისტრომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სხვადასხვა ფორმით პარტნიორობა შესთავაზა.
როგორც მათე ტაკიძე ამბობს, ბიზნესთან პარტნიორობის მაგალითები აქამდეც არსებობდა, წელს კი დუალური სწავლება ორ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს.
„კოლეჯში მსხვილი კომპანიაა შემოსული, რომელსაც სჭირდება ზუსტად ის მიმართულება, რომელსაც დუალური განათლების სისტემა ჰქვია. ძალიან საინტერესო მოლაპარაკება დავასრულეთ ახლა ერთ-ერთ კომპანიასთან, ეს არის დურგალთა სკოლა.
წელს უკვე დაიწყება კომპანიის მიერ პირველი ინვესტიციის განხორციელება კოლეჯში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეფორმის ფარგლებში, რაც გამოცხადებულია. ჩვენ თუ პროფესიული განათლება და ბიზნესი შინაარსობრივად არ ვიმოქმედებთ ეს იქნება აცილება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ ის პროდუქტი, რომელიც სჭირდება ბიზნესს.
არის ბევრი დეფიციტი, არის ბევრი ვაკანსია ბიზნესში... ჩვენ მათ უნდა დავახვედროთ მაღალი დონის პროფესიული უნარების მქონე კადრი.
ინტეგრირებული სწავლება არის უმნიშვნელოვანესი. წელს დაიწყო პილოტირება 20 საჯარო სკოლაში, ინტეგრირებული სწავლება ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კოლეჯებში და ამ ყველაფერმა შედეგები მოიტანა, რადგან შემოდიან სკოლიდან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ არჩეული სწორი და კარგი მიმართულება.
18 წლის ასაკში ჩვენ გვყავს უკვე მომზადებული კადრები, რომლებიც დასაქმებული არიან პროფილურად და მე ვეტყვი მოსახლეობას, რომ მათი საშუალო ანაზღაურება გახლავთ 1500 ლარიდან, 2000 ლარი და ზევით. ეს არის საინჟინრო მიმართულების კადრები, კონდიცირების სისტემის სპეციალისტები. ენერგეტიკის მიმართულება უფრო მეტი სჭირდება ბიზნესს, ვიდრე ვაწვდით, ამიტომ ჩვენ შევქმენით რეფორმის კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჰქვია მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების ახალი ტიპის პროგრამები. თუკი გრძელვადიან პროგრამებზე სწავლება არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი, მოკლევადიან პროგრამებში ჩვენ ბიზნესთან ერთად ვაკეთებთ შინაარსობრივ ნაწილს, ვალიდაციას გავდივართ ბიზნესთან და ამის შემდეგ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას“,-აცხადებს მათე ტაკიძე.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა აგრარული სექტორი და ასევე სამედიცინო სფერო.
„ასევე შემოდის ახალი პროფესიები, რომლებსაც უნდა დაახვედრო ადგილზე კადრი.ასევე იქნება პროფესიები, რომლებიც გაქრება რამდენიმე წლის შემდეგ, ამიტომ უნდა ვიყოთ მზად ჩანაცვლებისთვის. საუბარია მათ შორის თანამედროვ აპარატების საოპერაციო მართვის ოპერატორებზე. სპეციალური მომზადება სჭირდება ამ კადრებს, რომ ბიზნესმა დაასაქმოს“,-განაცხადა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა.