მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$180 000-იანი ბინა თბილისში და ანაბარი ბელგიურ ბანკში - რა ქონებას ფლობს მაკა ბოჭორიშვილი?

მაკა ბოჭორიშვილი

სოციალურ ქსელებში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ძვირიან ტანისამოსზე არაერთხელ გავრცელებულა პოსტები, რომლის თანახმადაც მინისტრი ძვირად ღირებული ბრენდების მომხმარებელია. Bm.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ბოჭორიშვილი ოფიციალურად. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, მიმდინარე წლის 17 ივნისს აქვს ჩაბარებული.

დეკლარაციის თანახმად, მინისტრს 2024 წლის მაისში თბილისში, ვერაზე 180 000 აშშ დოლარის ღირებულების 109/7 კვ.მ ფართობის ბინა აქვს ნაყიდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. 2019 წელს კი, როდესაც ის ბელგიასა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა, 90 000 აშშ დოლარად ნაყიდი აქვს კიდევ ერთი ბინა (58,75 კვ.მ) თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე. ხოლო 2022 წელს, როცა ის პარლამენტის წევრი იყო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, წავკისში 1500 კვ.მ ფართობის მიწა 77 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილი თბილისში, გივი ძნელაძის ქუჩაზე 50%-იანი წილით ფლობს 1000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 392 კვადრატული მეტრის ფართობის სახლს. ასევე, გასულ წელს, მას გაცვლილი აქვს მშენებარე ბინა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე (75,26 კვ.მ), რომელზეც მითითებულია, რომ საფასური გადახდილია 2006-2008 წელს კრწანისში მშენებარე ბინისთვის.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, მაკა ბოჭორიშვილს დეკლარაციის შევსებისას მითითებული აქვს, რომ სხვადასხვა ქართულ ბანკში ფლობს ჯამურად დაახლოებით 3250 ლარს, 2194 დოლარს და 1136 ევროს. გარდა ამისა, ბოჭორიშვილს უფიქსირდება 106 155 დოლარის იპოთეკური სესხი. ასევე, ბელგიურ ბანკ BELFIUS-ში აქვს მიმდინარე ანგარიშზე 1303 ევრო, ანაბარზე - 1629 ევრო და საკრედიტოზე - 1540 ევრო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არც ნაღდ ფულს, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხება ხელფასს, მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, 11 თვეში ამ პოზიციაზე აღებული აქვს 48 512,28 ლარი, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აღებული აქვს 6 683,25 ლარი. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად სწორედ გასული წლის ნოემბრის ბოლოს წარადგინა.

ქონებრივ დეკლარაციაში მაკა ბოჭორიშვილი უთითებს 50 000 ლარის სარემონტო სამუშაოების და ავეჯის ხარჯებს. ასევე, მას მითითებული აქვს 11 091 დოლარის გასავალი სესხის სახით, რომლის გადახდაც 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა. და კიდევ ერთი სესხი - 11 745.12 აშშ დოლარის ოდენობით.

დეკლარაციის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრის გაქირავებული აქვს საცხოვრებელი სახლი 2300 დოლარად და შემოსავლის სახით მიღებული აქვს 27 600 დოლარი. ნუცუბიძის მესამე მიკროში საცხოვრებელი ბინის გასხვისებით კი მიღებული აქვს 72 000 აშშ დოლარი.

უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად - ბოჭორიშვილი

ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის კარიერა მეტწილად ბელგიას და ევროკავშირს უკავშირდება.

ის 1999-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე და II მდივანი იყო. 2005-2009 წლებში ბელგიაში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში II მდივნის პოზიციას იკავებდა. 2009-2010 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსი იყო, 2010-2014 წლებში ბელგიაში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში მრჩეველი, 2014-2015 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2015-2017 წლებში ავსტრიაში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2018-2020 წლებში - საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში. 2020 წლიდან კი მისი კარიერა ინაცვლებს პარლამენტში და ხდება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2024 წლის 1 დეკემბრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ მას დამთავრებული აქვს 2008 წელს ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის ევროპული კვლევითი ცენტრის (CERIS) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება "ბრიუსელის კისერზე იქნება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები