„ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება „ბრიუსელის კისერზე იქნება“. როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, მას აქვს იმედი, რომ ეს „მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს“.
„თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, ანუ იმისთვის, რომ მან გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა, ეს უკვე ბრიუსელის კისერზე იქნება, რამდენად შეძლებს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს და ასეთ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დასასჯელად არ იქნება მიღებული“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხს ბრიუსელი იყენებს „პოლიტიკურ იარაღად“.
„ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული მღელვარება შეიქმნას“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმს. მისივე თქმით, ეს მექანიზმი სამომავლოდ, შესაძლოა, ქართული პასპორტების მფლობელთა წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.




























