182 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებას ფიქციური დოკუმენტებით ცდილობდა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი წარმოადგენდა. მათი ცნობით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას, რაც საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით ხორციელდება.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას.
საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭება/შენარჩუნება/აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე.
გატარებული ოპერატიული და ოპერაციულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე, სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე ცდილობდა, რის შესახებ ინფორმირებულ იქნენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების საკითხში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელშემწყობი პირების კავშირებისა და მათი შესაძლო უკანონო საქმიანობის გამოვლენის მიზნით. შედეგად, დადგენილ იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების შემცველ სარეკომენდაციო წერილებს გასცემდნენ.
საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების მსურველთა შორის, სამსახურმა გამოავლინა პირები, რომლებიც ინტერპოლის ან ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდნენ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მათ შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ეცნობა“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.