მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1863 წლის 10 იანვარს ლონდონში მსოფლიოში პირველი მეტროს ხაზი გაიხსნა

ლონდონი

ბრიტანეთის იმპერია, რომელიც ბევრი რამითაა ცნობილი, პირველი ქვეყანა იყო, სადაც მეტრო გაიყვანეს. ეს ამბავი 1860 წელს დაიწყო და ის, ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთ სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

საქმე ისაა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ლონდონი პლანეტის ტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ ცენტრად მიიჩნეოდა, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმდროინდელი მასშტაბებით უბრალოდ არნახული მაჩვენებელი იყო. ქალაქის ქუჩებში ცხენებშებმული ფაეტონები, ურმები, ცხენოსნები და ქვეითები ერთად გადაადგილდებოდნენ, რაც მუდმივ საცობებს იწვევდა და თან, არც უსაფრთხო იყო. რთული და არაკომფორტული ყოველდღიური რეალობის ფონზე, ბრიტანელები გამოსავალზე დაფიქრდნენ. დედაქალაქს ახალი ტიპის ისეთი ინოვაციური გზა სჭირდებოდა, რომლითაც გარეუბნებში მცხოვრები მოქალაქეები და ქალაქის მისადგომებამდე მისული ტვირთი ლონდონის ცენტრში აღმოჩნდებოდა, რადგან ჩვეულებრივი გზები უბრალოდ პარალიზებული იყო.

აი, სწორედ აქ გამოჩნდა ბრიტანელი იურისტი და პოლიტიკოსი, ჩარლზ პირსონი, რომელიც მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარებაზე ჯერ კიდევ 1840-იანი წლებიდან საუბრობდა. თავდაპირველად, პირსონს არავინ დაუჯერა და ბევრიც დასცინეს, მაგრამ 1863 წლის 10 იანვარს, ლონდონმა და შესაბამისად, მთელმა პლანეტამ დაინახა, რომ ურბანული გადაადგილების მომავალი სწორედ მეტრო იყო. იმ დროს რევოლუციური პროექტი 1853 წელს დამტკიცდა, ხოლო მშენებლობა 1860 წელს დაიწყო. მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მშენებლობის პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო, რაც დღეს, ინფლაციის გათვალისწინებით, დაახლოებით 150 მილიონი გირვანქა სტერლინგის ტოლია.

5.5-კილომეტრიანი მეტროს ხაზი, რომელზედაც ექვსი სადგური იყო განლაგებული, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პადინგტონის სადგურით იწყებოდა და ფარინგდონის სადგურამდე გრძელდებოდა, სადაც მოგვიანებით სმითფილდის ბაზარი გაიხსნა. ამ ხაზზე ორთქლმავალი ლოკომოტივები გადაადგილდებოდნენ, ხოლო თავად ვაგონები ხისგან იყო დამზადებული. მეტროს ამუშავების პირველ დღეს, ახალი ტრანსპორტით 38,000-მა მგზავრმა ისარგებლა. მგზავრობის ფასი სამი პენიდან ექვს პენიმდე მერყეობდა, როცა დღეს, ერთჯერადი მგზავრობის საფასური 3-დან 5.5 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

დედაქალაქის მეტროს ხაზი კომერციულად წარმატებული პროექტი იყო, რომელმაც ლონდონის ბედი შეცვალა. პროცესი, რომელიც 1863 წელს, დედაქალაქის მეტროს ხაზის გახსნით დაიწყო, დღესაც გრძელდება, რადგან ლონდონის მეტროპოლიტენი მუდმივად იზრდება და ვითარდება. დღეს, ლონდონის მეტროს 11 ხაზის ჯამური სიგრძე 402 კილომეტრია და იქ 272 სადგური არის განლაგებული. 2024 წლის მონაცემებით, მეტროპოლიტენით მილიარდ 350 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რამაც მეტროს ხუთი მილიარდ 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები