მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

186,415 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება - საზოგადოება და ბანკები

ხელფასი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 10%-ს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებაზე მიმოხილვა გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა", რომლის შეფასებითაც აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია გაცვლითი კურსის მცირედი გაუფასურებით, ასევე რეგიონში მომეტებული გეოპოლიტიკური რისკებით.

"186,415 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია მიბმული და შინამეურნეობებზე 6.7 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 4.8 მლრდ. ლარის (42%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი ოდენობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 5.9 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.6 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+35%, 1 სექტემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების მოცულობა 20%-ით, იპოთეკურის კი 12%-ით გაიზარდა. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 181,469 ლარს, იპოთეკურის 49,682 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 24,806 ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 14%-ით გაიზარდა წ.წ. და 26 მლრდ. ლარს გადააჭარბა 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 44%-ს შეადგენს.

1 სექტემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.9% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.2%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე (17.1%).

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ეკონომიკაში არსებულ შემდეგ ტენდენციებთან: ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინფლაციის შემცირების ტენდენცია და სამომავლო რეცესიის თავიდან ასაცილებლად ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ამცირებდა საპროცენტო განაკვეთებს. თუმცა, ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის მცირედი გაუფასურება და შემდგომი გაუფასურების მოლოდინი ზრდის ინფლაციურ რისკებს. ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონში მომატებული რისკები და საქართველოს მოსახლეობის გაზრდილი ხარჯები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომელთა შემოსავალი ნაკლებად იზრდება და ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯები მნიშვნელოვნად არის მომატებული მიგრანტების ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდის ფონზე.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს ქვეყანაში. აუცილებელია, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა არ შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი და მისი გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო კანონმდებლობასთან,"- ნათქვამია საზოგადოება და ბანკების ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები