სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურების კრიტერიუმებია მთავარი მიზეზი, რის გამოც ფერმერთა დიდი ნაწილი სახელმწიფო თანადაფინანსების მიუხედავად საკუთარი ბაღებისა, თუ ნაკვეთების დაზღვევაზე უარს ამბობს. ფერმერები ამბობენ, რომ ზარალის შეფასება შემფასებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ დაზღვევაში, თუ სადაზღვევო კომპანიები მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებენ.
ნიკა გეთიაშვილი, ფერმერი, ხილის მწარმოებელი:
“იმდენად მიზერულ ფასს ანგარიშობენ ატამზე და ვაშლატამაზე. წელს მაგალითად, ის ღირდა 2 -2,5 ლარი, მათ უწერიათ 65 თეთრში. მე თანახმა ვარ აგროდაზღვევაში უფრო მეტი პრემია გადავიხადო და დაზღვევა იყოს უფრო სრულფასოვანი.
სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები რომ ჩამოდიან და აფასებენ ზარალს, 10-დან 9 შემთხვევაში ხდება დაპირისპირება მათსა და ფერმერს შორის, რადგან ფერმერი უკმაყოფილოა, ხდება კონფლიქტი და კატასტროფული სიტუაციაა.
დებულებაში უდევთ ასეთი მუხლი, რომ თუ მაგალითად სეტყვა მოვიდა და დაგიზიანა ნაყოფი და თუ მცირე დაზიანებაა ის ზარალში არ ითვლება და 1სმ² ღრმული უნდა იყოს დაზიანება, რომ ზარალში ჩაგითვალონ. ეს არის ძალიან დიდი დაზიანება, რომელსაც როგორც წესი სეტყვა არ აყენებს ნაყოფს. 10-დან 9 შემთხვევაში სეტყვა როცა მოდის, ნაყოფის ასეთი დაზიანება არ ხდება”- აცხადებს ნიკა გეთიაშვილი.
ლაშა ხიზანიშვილი, მევენახე ფერმერი:
“ხელშეკრულებაში არ არის ნათლად ჩამოყალიბებული ის გაზომვადი კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტიქიის ან სხვა უბედურების შემთხვევაში ზარალის გამოანგარიშება. სრულად არიან დამოკიდებული ფერმერები ექსპერტის კეთილსინდისიერ განწყობაზე მათ მიმართ. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე პირადად არასდროს დამიზღვევია ჩემი მოსავალი”.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 10 წელია მოქმედებს. სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამა ერთი ათეული წელია მოქმედებს, თუმცა მისი მოცვა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ამ ეტაპზე ფერმერთა მხოლოდ 10%-ია ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს, რაც პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე 70%-ს შეადგენს, სახელმწიფო იხდის, მასში მონაწილეობა მისი პირობებიდან გამომდინარე ფერმერებისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველია.