მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2-3 წელში უბნების ნაწილში ბევრი ბინა გამოვა გასაქირავებლად, რაც ქირის ფასს შეამცირებს - Sakura Properties

ქირა

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ მომდევნო პერიოდში შესაძლოა, რიგ უბნებში გასაქირავებელი ბინების მიწოდების ზრდამ ქირაზე ფასების დამატებითი კლება გამოიწვიოს.

როგორც Sakura Properties-ის დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, გასულ პერიოდში მიგრანტების მხრიდან ქირაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის გამო, საინვესტიციოდ მშენებარე ბინების გაყიდვები გაიზარდა. ვიქტორია საკუროვას თქმით, 2-3 წელში ბაზარზე, ძირითადად გარეუბნებში შედარებით გასაქირავებელი უძრავი ქონება გაჩნდება, რაც თავის მხრივ, ქირის ფასსაც შეამცირებს.

“მიგრაციული ეფექტი აღარ არის აქტიური, ეს ეფექტი დასრულდა დაახლოებით ერთი წლის წინ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს გასაქირავებელი ბინების ბაზარზე, არის ის, რომ პრემიალური ბინები ცენტრალურ უბნებში, ძირითადად ერთი და ორსაძინებლიანი ბინები, არის მაღალმოთხოვნადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ფასები არ იცვლება. არ იცვლება და რაღაც მომენტში იზრდება კიდეც, იმიტომ რომ საბურთალოზე, მაგალითად, პრემიალური ერთსაძინებლიანი ბინა დღეს და საბურთალოზე პრემიალური ერთსაძინებლიანი ბინა შარშან - განსხვავება ის არის, რომ დღეს მისი ღირებულება ქირის უფრო მაღალია.

რაც შეეხება სხვა ტიპის ბინებს ყველა უბანში, მაგალითად უფრო დიდ ბინებს და ძველი სტილით, არათანამედროვე რემონტის მქონე ბინებს, ამ ბინებზე ფასები ან იგივეა, ან მცირდება. რას ვხედავთ გარეუბნებში: გარეუბნებში ვხედავთ იმას, რომ ფასები გარკვეულწილად იკლებს და ესეც ეხება უფრო დიდ ბინებს და ძველი რემონტით ან შედარებით ძველი რემონტის მქონე ბინებს.

მომავალში ველოდებით იმას, რომ დეველოპერებმა ორი-სამი წლის წინ გაყიდეს ძალიან ბევრი ბინა. ეს ბინები გამოვა ბაზარზე - ძირითადად ვსაუბრობ ახალ უბნებზე და არა ცენტრალურ უბნებზე, სადაც ძალიან ცოტა მშენებლობა გვაქვს და ისედაც დეფიციტი გვაქვს კარგი გასაქირავებელი ბინების. გარეუბნებში გამოვა უფრო მეტი ბინა და დავინახავთ იმას, რომ რაღაცწილად, შეიძლება არა ერთსაძინებლიან ბინებზე, არამედ შედარებით უფრო დიდ ბინებზე გვექნება [ფასების] კლება. მნიშვნელოვანი კლება არაა მოსალოდნელი. ცენტრალურ უბნებში კლებას არ ველოდებით პრემიალურ ბინებზე, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მოთხოვნადია და ბევრი ბინაც არ გამოვა მომავალში, ხოლო გარეუბნებში, შედარებით ახალ უბნებში, დავინახავთ იმას, რომ ბევრი ბინა გამოვა გასაქირავებლად და შევნიშნავთ გარკვეულწილად პატარა კლებას ზოგ სიტუაციაში.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად აისახება ქირის ფასის კლება უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობაზე, ვიქტორია საკუროვას შეფასებით, ამ გარემოებას დეველოპერების მიერ შეთავაზებული პირობები აბალანსებს.

“მომავალში ახალ უბნებში ფასების კლება თუ გვექნება, საინვესტიციო გავლენას გარკვეულწილად იქონიებს, თუმცა არა ძალიან. იმიტომ, რომ დეველოპერები მაინც აგრძელებენ მომხმარებლებისთვის კომფორტული შეძენის პირობების შეთავაზებას, შესაბამისად ეს შეთავაზებები ყოველთვის აბალანსებს იმ ნაწილს, როდესაც მოთხოვნამ შეიძლება ოდნავ დაიკლოს იმ ქონებებზე, რომლებსაც ადამიანები საინვესტიციოდ ყიდულობენ დეველოპერებისგან”, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.

ცნობისთვის, TBC Capital-ის თანახმად, იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბინის გასაქირავებელი ფასი, კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ $10-მდე ჩამოვიდა, რაც წლიურად 7%-იან კლებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები