ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქციის საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადები, მათ შორის ე.წ. ქეშბექები.
როგორც ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის” დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, არსებული გადასახადები ფონზე, მაგალითად, შესაძლოა, 2 ლარიანი თვითღირებულების მქონე პროდუქცია საბოლოოდ მარკეტში 6 ლარი ღირდეს.
გოჩა ღვინეფაძე ამბობს, რომ ე.წ. ქეშბექები და სხვა ტიპის გადასახადები გონივრულ ზღვარში უნდა მოექცეს.
"ეს „ქეშბექი“ არ არის ერთი ციფრი, ის რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ჩვენ კონტრაქტით ვურიგდებით ქსელურ მაღაზიებს რაღაცა „X“ ფასზე. იმის შემდეგ მაღაზიას თავის ფასნამატი აქვს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც კონტრაქტში წერია, რომ 45 დღეში უნდა გადაგიხადოს თანხა, მერე ხდება ამ თანხების გამოკლება. მაგალითად, ჩვენგან როდესაც 2 ლარი ღირს პროდუქტი, ამაში შედის წარმოების და სხვა ყველა დანახარჯი, კომუნალური, ბანკის ვალი, აბსოლუტურად ყველა დანახარჯი. შემდეგ ამ 2 ლარიან პროდუქტს ფასი ადევს მაღაზიაში უკვე 6 ლარი. შესაბამისად, დანამატი მინიმუმ 185%-ია.
ეს „ქეშბექები“ უნდა გადაიხედოს. მე არ ვამბობ, რომ ეს „ქეშბექი“ ბოლომდე გაუქმდეს და იმიტომ რომ იმათ თავიანთი ხარჯი აქვთ, რითეილ ჯგუფებს, მაგრამ გონივრული ზღვარი უნდა დაწესდეს, რომ აქ ეს ტვირთად არ აწვებოდეს ქართულ მწარმოებელს და ქართული წარმოება ინახავდეს ქსელურ მარკეტს", - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.



























