მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2 წელიწადში მომხმარებლებმა $1 მლნ ლარი დაიბრუნეს პირდაპირი წესით" - ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში მომხმარებლისთვის მოვაჭრისგან ანაზღაურებული თანხები ₾1 მილიონს აღწევს - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მედიასთან პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"სრულ პერიოდში, 1500-ზე მეტი განაცხადია ჩვენ მიერ განხილული, აქედან ძირითადი ნაწილი დასრულდა პირობითი შეთანხმებით, რაც ნიშნავს, რომ შესწავლის პროცესში მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მოხდა შეთანხმება, აღდგა მომხმარებლის უფლებები, იქნებოდა ეს თანხის დაბრუნება, დაზიანებული ნივთის შეკეთება, გამოცვლა თუ ა.შ. და, რაც მთავარია, მოვაჭრემ შეცვალა თავისი სავაჭრო პირობები და წესები, რამაც მთლიანობაში შექმნა ეს ხარვეზი.

ჩვენი გადაწყვეტილებების 70% ეხება ონლაინ ვაჭრობას, რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ სექტორი მზარდია და, გარდა ამისა, მომხმარებელს არ აქვს საშუალება, ონლაინ ვაჭრობის დროს პირადად ნახოს ნივთი. ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება თანხის უკან დაბრუნებას, როდესაც მომხმარებელს სურს ხელშეკრულებიდან გასვლა, ნივთის დაბრუნება და თანხის უკან მიღება - ჩვენი ჩართულობით, ამ პერიოდში, დაახლოებით, მილიონი ლარის ფარგლებშია თანხა, რომელიც მომხმარებლებმა პირდაპირი წესით დაიბრუნეს უკან", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, განცხადებების 80% სააგენტოში თბილისიდან შედის, ვინაიდან ონლაინ მაღაზიების ძირითადი ნაწილი დედაქალაქშია ბაზირებული, თუმცა გასულ წელს რეგიონების წილი მიმართვიანობაში გაიზარდა.

ლექვინაძემ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს ჩაატარებს და ქართულ კანონმდებლობას ევროპულ პრაქტიკასთან სრულ თანხვედრაში მოიყვანს.

"შარშანდელი წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მივიღეთ მომხმარებლის უფლების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც 6 მარეგულირებელ უწყებას აერთიანებს და სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში ორი მთავარ საკითხს დაფარავს: პირველი ესაა შეხვედრების კამპანიები რეგიონებში, შშმ პირებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ყველა დაინტერესებულ პირთან, ბიზნესს და არასამთავრობო სექტორთან, რათა მომხმარებელმა მეტი იცოდეს თავისი უფლებების, მოვაჭრემ კი - თავისი ვალდებულებების შესახებ. მეორე მიმართულება არის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. კანონმდებლობა, რომელსაც აღვასრულებთ, 85%-ით თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, გვაქვს დღის წესრიგიც, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს 15%-იანი სხვაობა შევამციროთ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები