მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 თვეში საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით $24 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქები

2025 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 11.95%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტმა უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში 2.9%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.

იანვარ-თებერვალში საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 23 მილიონ 996 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში ქვეყნიდან 75 222 ტონა სასუქი გავიდა. აღსანიშნია, რომ საქონლის ექსპორტი მოცულობაში 10.4%-ით არის შემცირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქები უფრო ძვირად გაიყიდა. გასული წლის ამ პერიოდში 1 ტონა საქონლის ექსპორტი თუ საშუალოდ 255 დოლარი ღირდა, წელს ღირებულება საშუალოდ 319 დოლარამდე გაიზარდა.

იანვარ-თებერვალში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის გეოგრაფიაში წელს ინდოეთი დაწინაურდა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ინდოეთი - $3.8 მლნ, 13 940 ტონა;
  2. რუმინეთი - $3.8 მლნ, 14 100 ტონა;
  3. ნამიბია - $3.3 მლნ, 8 200 ტონა;
  4. ტანზანია - $3.1 მლნ, 7 500 ტონა;
  5. იტალია - $2.6 მლნ, 9 715 ტონა;
  6. განა - $2.1 მლნ, 5 300 ტონა;
  7. პერუ - $1.3 მლნ, 3 450 ტონა;
  8. ესპანეთი - $1.1 მლნ, 4 263 ტონა;
  9. თურქეთი - $851 ათასი, 3 300 ტონა;
  10. მავრიტანია - $812 ათასი, 2 000 ტონა;

საქართველოში აზოტოვანი სასუქების იმპორტი მცირეა. წელს იანვარ-თებერვალში ქვეყნაში მხოლოდ $1.4 მლნ-ის ღირებულების 3 419 ტონა სასუქი შემოვიდა. რაც მოცულობითაც და ღირებულებითაც შემცირებული მაჩვენებელია [2024 წლის იანვარ-თებერვალი - $1.6 მლნ, 4 784 ტონა]. აზოტოვან სასუქები საქართველოში ძირითადად თურქმენეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები