მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-26 აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთი

გთავაზობთ გასული კვირის (20-26 აპრილის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ბანკების სამი თვის შედეგები - 894 მილიონი ლარის მოგება

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 894 მილიონ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-მარტის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. მოგება წლიურ ჭრილში 146 მილიონი ლარით, ანუ 19.5%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 447.5 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 330 მილიონი ლარით (+12% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას კი კვლავ "ლიბერთი ბანკი" იკავებს 32.4 მილიონი ლარის მოგებით (+9% მატება წინა წელთან). ამასთან, 2026 წლის აპრილში "ბაზისბანკმა" ლიბერთი ბანკის შესყიდვის შეთანხმება გააფორმა და ერთი წლის ვადაში ბანკების სრული შერწყმა უნდა განხორციელდეს. თავად ბაზისბანკის მოგება 2026 წლის 3 თვეში 28.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

სოფლის მეურნეობის აგროთანადაფინანსების ახალი სისტემა

აგროსექტორის მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. “აგროთანადაფინანსება”- ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მთავრობის წევრების მტკიცებით, სექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს. კერძოდ, მთავრობა ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადადის, განისაზღვრება პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის თანადაფინანსებაში შევა.

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესატან ცვლილებაზე მუშაობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

ამასთან, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

I კვარტალში ექსპორტი $1.7 მილიარდამდე გაიზარდა

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, I კვარტალში ექსპორტი ჯამურად 1.72 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

#

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/კლება წინა წელთან

1

მსუბუქი ავტომობილები

$365 მლნ დოლარი;

-27%

2

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

$208 მლნ დოლარი;

698%

3

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები

$170 მლნ დოლარი;

221%

4

ფეროშენადნობები

$76 მლნ დოლარი;

94%

5

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

$66 მლნ დოლარი;

169%

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 830 მლნ დოლარი მიიღო, წლიური ზრდა 0.5%

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა დღეს ამ ვიზიტორების დანახარჯების ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 830 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 3.9 მილიონი დოლარით, ანუ 0.5%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად ევროკავშირის ვიზიტორთა რაოდენობის და დანახარჯების ზრდას უკავშირდება. თუმცა, სხვა ბაზრებიდან შემცირება უკვე ფიქსირდება. ირანში დაწყებულ ომს გავლენა უკვე ჰქონდა ისრაელიდან და ირანიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებზე, კერძოდ კი ისრაელიდან პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტული დანახარჯი 98.9 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 13%-ით არის შემცირებული, ირანიდან კი ტურისტული დანახარჯი 10 მილიონ დოლარს უდრიდა, რაც წლიურად 64%-ით არის შემცირებული.

Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე - სოსო ფხაკაძე

თბილისში, Trump Tower-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე. ამის შესახებ მან Linkedin-ზე დაპოსტა. მისი შეფასებით, პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივი იქნება.

„Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში. ჩვენს პარტნიორთან, “არქისთან” ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა. პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.

2025 წელს საქართველოში უფრო მეტი მოქალაქე დაბრუნდა, ვიდრე ემიგრირდა - სტატისტიკა

საქსტატმა 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 114,374 იყო. შესაბამისად, მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17,127-ს შეადგენდა.

მიგრაციის სტატისტიკა მოიცავს ყველა ქვეყნის მოქალაქეს და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეთა მიხედვით, იმიგრაციამ შეადგინა 62,073, ხოლო ემიგრაციის რაოდენობა იყო 58,799, შესაბამისად, საქართველოში 3274 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა.

მთავრობა ქუთაისში ყოფილი ავტოქარხნის ადგილზე ელექტრომობილების ქარხნის მოწყობის იდეას დაუბრუნდა

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება სააგენტომ შპს „ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა 7 წლის შემდეგ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მოწყობის იდეას კვლავ მიუბრუნდა.

დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანი საქართველოში ელექტრომობილების (EV) წარმოების დაწყების მიზანშეწონილობის შეფასებაა, განსაკუთრებული ფოკუსით ქუთაისზე, როგორც ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური წვდომა პორტებთან და რეგიონულ ბაზრებთან. ხელშეკრულების ღირებულება 141 600 ევროს ეკვივალენტია ლარში.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მან 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე პატიმრობა მიესაჯათ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას და ცოლისძმას ვასილ მხეიძეს 8-8 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

2026 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში 5.6 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა

იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გზით 5.6 მილიარდ ლარი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2026 წლის პირველი კვარტალის საგადასახადო შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდის საგადასახადო გეგმა 100.5%-ით შესრულდა.

უფრო კონკრეტულად თითოეული გადასახადის შესრულების მაჩვენებლები ასეთია:

  • საშემოსავლო გადასახადი - 2.11 მილიარდი ლარი, გეგმის 104.4%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.06 მილიარდი ლარი, გეგმის 102%.
  • მოგების გადასახადი - 1 მილიარდი ლარი, გეგმის 106.6%;
  • აქციზი - 560 მილიონი ლარი, გეგმის 107.7%;
  • იმპორტის გადასახადი - 37.7 მილიონი ლარი, გეგმის 117.9%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს - საგარეო ვალების მოზიდვით ბიუჯეტში 1.47 მილიარდი ლარი შევიდა, რაც გეგმის 96%-ია, ხოლო ადგილობრივი ვალის გამოშვებით 211 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 91% იყო.

აჭარის მთავრობას ზურაბ პატარაძე ხელმეორედ უხელმძღვანელებს - სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდა, გელა გელაძე სუს-ის უფროსი გახდა, მამუკა მდინარაძე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება

21 და 23 აპრილს წარდგენილი სამთავრობო ცვლილებების შედეგად, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ხელმეორედ იქნება ზურაბ პატარაძე, რომელიც აქამდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. სულხან თამაზაშვილი, რომელიც გასული წლიდან აჭარის მთავრობას მეთაურობდა შს მინისტრი გახდა, ხოლო გელა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე კი ახალ უწყებას უხელმაძღვანელებს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები