მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ოქტომბერს მცხეთაში, ხანდაზმული ადამიანებისთვის ოჯახური ტიპის სახლი "ლელიანი" იხსნება

ლელიანი

20 ოქტომბრიდან მცხეთაში, შუახნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის ოჯახური ტიპის სახლი, "ლელიანი" იხსნება.

"ლელიანი" საქართველოში პირველი, მაღალი კლასის სახლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნვას, ინტეგრაციას და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანადგომას საჭიროებს. მათი მიზანი, 65+ ადამიანების სოციალიზაცია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის მიწოდებას საჭიროებს. ასევე, უსაფრთხო და ემპათიური გარემოს შექმნით, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შუა ხნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის. პროექტის განსახორციელებლად, 6.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ობიექტში 50 ბენეფიციარის განთავსებაა შესაძლებელი, რომლებზეც კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.

როგორც "ლელიანის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, ხანში შესული ადამიანების მოვლა, ყველა განვითარებული ქვეყნის დღის წესრიგში ზის და ამ სერვისების მხარდამჭერი, ძირითადად საქართველოა.

მისი ინფორმაციით, არსებობს ლუქს სერვისები, რომელსაც მომხმარებელს კერძო სექტორი აწვდის, რაც ძალიან განვითარებული პრაქტიკაა.

"საქართველოში ეს თემა ძალიან სტიგმატიზებულია. ისე აღიქმება, როგორც "ოჯახის წევრის ჩაბარებად" და ეს არ არის გასაკვირი, რადგან ქვეყანაში ხარისხიანი მიწოდება არ არსებობს. სწორედ ამ სტიგმის დანგრევა გვინდა. მოთხოვნიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ეს სტიგმა დაინგრევა, თუ ჩვენს ბენეფიციარებს მაღალი ხარისხის ზრუნვას შევთავაზებთ.

რეგულაციური ჩარჩო ამ კუთხით მცირე და საკმაოდ თავისუფალია. ბაზარზე მიწოდება საკმაოდ სუსტია და რეგულაციებიც ამიტომ არ არის. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ობიექტს საერთაშორისო აკრედიტაცია ავუღოთ. გვინდა, რომ სივრცე საერთაშორისოდ აკრედიტებული რეზიდენციური სახლი იყოს. ამას მალე გავაკეთებთ. ოდნავ დაგვიგვიანდა ამ სახლის გახსნა. სექტემბრიდან ვგეგმავდით და გადაგვეწია, მაგრამ ფუნქციონირებას ოფიციალურად 20 ოქტომბერი დაიწყებს. დღეს უკვე 25%-იანი დატვირთვა გვაქვს. სასიხარულოა, რომ ადამიანები არა საჭიროების, არამედ სოციალიზაციის საჭიროების გამო რეკავენ. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის, რეზიდენციური სახლების დანიშნულება სოციალიზაციაა. დღეს, ქვეყანაში 80000 ხანში შესული ადამიანია, რომელსაც საჭიროება აქვს მუდმივი მოვლის და ამ საჭიროებას ვერ იკმაყოფილებს. ვფიქრობ, რომ როდესაც ბაზარზე მაღალი სერვისი გაჩნდება, მოხმარებაც გაიზრდება", - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ცნობით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და მას შემდეგ, რაც "ლელიანი" გაივსება როგორც ადგილზე, ასევე სხვა ლოკაციაზე გაფართოება იგეგმება.

„ლელიანის“ დამფუძნებელი, ნინო კიკნაძე ეთერში საუბრობს, რომ „ლელიანი“ სხვა მისი მსგავსი სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისგან განსხვავებული იქნება.

მისი თქმით, ბენეფიციარებს მაღალი კვალიფიკაციის ექთნები მოემსახურებიან და სხვადასხვა ტიპის მომსახურებას შესთავაზებენ.

„იქნება სამი ძირითადი მომსახურება. ხანგრძლივი, ანუ ე.წ. საექთნო მოვლა და პალიატიური მზრუნველობა, მეორე არის ამოსუნთქვის სერვისი, როდესაც მოხუცებულს არაფერი სჭირს, უბრალოდ საჭიროებს დროის გარკვეული პერიოდით დატოვებას და მესამე, სხვადასხვა ნერვოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, დემენცია და ა.შ. რომელიც ზრუნვას საჭიროებს. ეს არ არის სამედიცინო მომსახურება, ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, რომ შუახნის და ხანდაზმული ასაკი ღირსეულად გაატარონ.

ამ ეტაპზე, ვაუჩერული მიმართულების მონაწილე ვიქნებით თუ არა, არ ვიცით. რაც შეეხება, როგორ ვითარდება ხანდაზმულებზე ზრუნვა, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ხანდაზმული ადამიანები კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებში არ არიან ჩართული. ისინი ძირითადად სახლში არიან. ასევე, ასაკიც დასაქმების კუთხით პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მთავარია მოვლის ხარისხი იყოს მაღალი, რადგან ადამიანმა თავი არა დაბალი კლასის დაწესებულებაში, საკუთარ სახლში იგრძნოს“, - აცხადებს კიკნაძე.

მისი ინფორმაციით, სერვისის ღირებულება უკვე განსაზღვრულია და ის 3500 ლარიდან 4000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები