მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გამყრელიძე სკოლამდელი განათლების ბიზნესში შედის

ნიკა გამყრელიძე

ნიკა გამყრელიძე სკოლამდელი განათლების ბიზნესში შედის. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ პირველი ბაღის გახსნა, წელს, სექტემბერში მოხერხდება.

ნიკა გამყრელიძეს ინვესტიციის ოდენობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ პარტნიორებთან ერთად, პროექტში რამდენიმე მილიონ ლარს ჩადებს.

"მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების საკმაოდ დიდი დეფიციტია, ამიტომ ჩემს პარტნიორებთან ერთად, შევიძინე ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდოლოგიის ფრანჩაიზი ამერიკიდან. იმედია, პირველ ბაღს სექტემბერში გავხსნით.

იმედი მაქვს, მოთხოვნა საკმაოდ დიდი იქნება, რადგან ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია მეთოდოლოგია, როგორ უნდა აღიზარდოს თავისუფალი ადამიანი“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც ბიზნესმენმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, მსხვილი ინვესტიციებისგან თავს იკავებს.

„ახლა რაშიც ინვესტირებას ვაკეთებ, უფრო დამწყები ბიზნესებია და რთულია [ეკონომია]; ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ამ ქვეყნის მომავლის მჯერა. ახალ მსხვილ ინვესტიციებს, ამ წუთს, არ ვდებ, მაგრამ სადაც უკვე აღებული მაქვს ვალდებულება, იმ საქმეებს ვაგრძელებ - ეს იქნება მოვლის დაწესებულება თუ განათლებაში ინვესტიციები“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ გამყრელიძე „ალტე უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი მეწილეც არის და ამბობს, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია არ მოხდა, ბუნებრივია, კრიზისს ნეგატიური გავლენა განათლების სექტორზეც ექნება.

„საზღვარგარეთ შვილს რომ აგზავნიდეთ სასწავლებლად, ალბათ ნახავდით რა ხდება იმ ქვეყანაში და ისე მიიღებდით გადაწყვეტილებას“, - დასძინა მან.

ნიკოლოზ გამყრელიძის ახალი ბიზნესია „ლელიანი“ - სივრცე, რომლის მიზანიცაა 65+ ადამიანების სოციალიზაცია და მათზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

ბიზნესმენის თქმით, მართალია, „ლელიანი“ ახალი გახსნილია, მაგრამ მოთხოვნა მზარდია „30-35%-ით უკვე დატვირთული ვართ, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები