რუსეთში სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა (მაღაზიების რაოდენობის მიხედვით), "მაგნიტმა" 2025 წელი თავის 32 000 ობიექტზე ჯამში 22.5 მილიარდი რუბლის (დაახლოებით $243 მლნ) წმინდა ზარალით დაასრულა. ეს კომპანიის არსებობის ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ზარალის პირველი შემთხვევაა - ამის შესახებ The Moscow Times-ი იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში მაგნიტის შემოსავალი 11%-ით, 3.1 ტრილიონ რუბლამდე (33.5 მლრდ დოლარი) გაიზარდა, გაყიდვებიდან მიღებული მოგება 13%-ით შემცირდა და 138.7 მილიარდი რუბლი (1.5 მლრდ დოლარი) შეადგინა.
თუმცა, კომპანიის ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი ვალი აღმოჩნდა: მაღალი საკვანძო საპროცენტო განაკვეთის გამო, სესხებზე მაგნიტის საპროცენტო გადასახადები წლის განმავლობაში 74%-ით გაიზარდა და 163.9 მილიარდ რუბლს (1.77 მლრდ დოლარი) მიაღწია.
სტატიის თანახმად, მაგნიტის ზარალი არ არის გამონაკლისი და ეს უკვე ტენდენციაა, რადგან ცენტრალური ბანკის მაღალი განაკვეთი მთელ რეალურ სექტორზე ახდენს ზეწოლას.
2025 წელს რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. მთავრობამ აღიარა, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების სიმცირის გამო, 2026 წლის დასაწყისში რუსეთის ბიუჯეტი შესაძლოა მნიშვნელოვანი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
უკრაინის დაზვერვის განცხადებით, რუსული საშუალო და მსხვილი საწარმოების ფინანსური მდგომარეობა კვლავ უარესდება, რაც კორპორაციულ სექტორში მზარდ დისბალანსზე მიუთითებს.
რუსეთში მსხვილი კომპანიების ნახევარზე მეტმა 2025 წელი მოგების შემცირებით დაასრულა, შეკვეცა ან სრულად გაყინა საინვესტიციო პროექტები და ბევრი მათგანი თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებისთვის ემზადება.
2026 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 300 კომპანია დახურვის პროცესშია.
გარდა ამისა, ისტორიაში პირველად, რუსეთის 74 რეგიონი ერთდროულად აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ აღიარა, რომ ქვეყნის ხაზინაში დეფიციტი რეკორდული ტემპით იზრდება.
როზსტატის (Rosstat) მონაცემებით, ერთდროულად 17 000-ზე მეტმა რუსულმა საწარმომ ზარალი დააფიქსირა.




























