20:00 საათზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის კენჭისყრისთვის გახსნილი უბნები დაიხურა. ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ, ხმის მიცემას შეძლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობაც.
ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.5% შეადგინა. ამ დროისთვის ცესკოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2 058 წევრი აირჩიეს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია.




























