ბიზნესის განწყობები მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შეიცვალა. ბიზნესი დაფიქრდა, რამდენად ღირს ამ ვითარებაში საქმიანობის განვითარება.
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე ამბობს, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება მაშინ დაიწყო, როცა იგრძნო, რომ ქვეყანა ევროპისკენ ისწრაფოდა, რაც მისი შეფასებით, ბიზნესს სტაბილურობის განცდას უჩენს.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური კურსის ცვლილება ქვეყანას სტაბილურობას აკარგვინებს, რასაც თავის მხრივ უკვე ჰქონდა მყისიერი ეფექტი. რეზო ვაშაკიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სტაბილურობის განცდა გაქრება, ქვეყანაში ბიზნესის განვითარება აზრს დაკარგავს.
“მე 90-იან წლებში ჩემს ოჯახთან ერთად საქართველო დავტოვე. იმიტომ, რომ მაშინაც სრული გაურკვევლობა იყო. ხალხი დარბოდა ავტომატებით, ვინ ვის ესროდა, რატომ ესროდა, ვის რა უნდოდა, გაურკვეველი იყო და მე დავტოვე ქვეყანა. საქართველოში დავბრუნდი 2006-2007 წლებში, რადგან საქართველო ისწრაფოდა ევროპისკენ.
რომ გითხრათ ახლა, მე ევროპა ძალიან მიყვარს და ვგიჟდებითქო, არც ასეა, მაგრამ ეს არის ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებელი.
ამის შემდეგ საქართველოში ინვესტიციების ჩადება გადავწყვიტე და საკმაოდ მოკლე ვადაში, საკმაოდ დიდი რაოდენობით, დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ აი, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩემთვის გაურკვევლობას იწვევს.
ეს ჩემში არასტაბილურობასაც იწვევს. მე არ მინდა ვთქვა, რომ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ აქ ბიზნესი დავტოვო და წავიდე საქართველოდან, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს. რატომ? იმიტომ რომ თუ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა, მაშინ ბიზნესის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია”, - ამბობს “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე.