2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროექტი 2028 წლამდე გახანგრძლივდება - ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები. შესაბამისად, პროექტების დასრულების ვადაგადაცილება 20 წელი იქნება.
თავდაპირველად პარლამენტმა ანალოგიური ნორმა 2015 წელს მიიღო და მისი მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული. 2017 წელს ეს ნორმა 2020 წლამდე გახანგრძლივდა, 2020 წლის თებერვალში კი პარლამენტმა მის 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ახლა კი ეს ვადა კიდევ ორი წლით გადაიწევს.
პროექტი 2008 წლის ომამდე და გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კრიტერიუმები ასე ნაწილდება:
- ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
- ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
- ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
- იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
- ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
- ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
„თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება“, - ვკითხულობთ კანონის პროექტში.
























