ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა, საფონდო ბირჟაზე 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კვარტალი ყველაზე ცუდი შედეგებით დახურა.
წლის პირველ სამ თვეში კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის მეოთხედით შემცირდა, რაც ინვესტორების მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით არსებულმა სკეპტიციზმმა განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს აქციების ფასი 3.3%-ით გაიზარდა, კვარტალური ვარდნა მაინც რეკორდულია და აჭარბებს როგორც ტექნოლოგიურ სექტორს, ისე Nasdaq-ის ინდექსს, რომელიც იმავე პერიოდში მხოლოდ 7%-ით შემცირდა.
როგორც ირკვევა, ინვესტორთა შეშფოთებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის AI ასისტენტის, Copilot-ის არამოთხოვნადობა. როგორც ცნობილია, Copilot-ს სერიოზულ კონკურენციას უწევენ Google-ის, OpenAI-სა და Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელები. ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ Microsoft-ის კომერციული მომხმარებლების მხოლოდ 3%-ს აქვს შეძენილი Copilot-ის ლიცენზია. ცალკე საკითხია ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდა. ირანში მიმდინარე ომის გამო ნავთობზე ფასების მატება პირდაპირ აისახა მონაცემთა ცენტრების შენახვის ხარჯებზე. ინვესტორებს არ მოსწონთ არც ის ფაქტი, რომ Microsoft-ის და OpenAI-ს პარტნიორობა ექსკლუზიური აღარ არის.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბირჟაზე არსებული პესიმისტური განწყობის მიუხედავად, კომპანიის შემოსავლები წლიურად თითქმის 17%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებული, 39%-იანი ზრდა ფიქსირდება Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების მიმართულებით.




























