მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012 წელს 52 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, 2023 წელს - 221 ათას ტონაზე მეტი - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მევენახეობა-მეღვინეობის მაჩვენებლებზე ისაუბრა და ის 2012 წლის შედეგებს შეადარა.

მისი თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს - 221 000 ტონაზე მეტი.

„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის მონაცემები რომელიც გვქონდა ჩვენ 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს მევენახეობის შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მლნ ლარს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 306 მლნ ლარამდე, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა 2014-2023 წლებში, დღეისათვის ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით გაორმაგებულია. მევენახეების მიერ რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰა-მდე ახალი ვენახი, ესეც არის მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული წინსვლა ამ დარგში. 2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40 კომპანია, რომელიც აწარმოებდა ღვინოს ჩვენს ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიები - საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტსაც ახორციელებს. ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, მაშინ როცა 2012 წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 71 მლნ დოლარი. აქაც გვაქვს მრავალჯერადი ზრდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და დაფინანსება ხელს უწყობს დარგის განვითარებას.

"ძალიან დიდი მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის ფარგლებში. ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოებზე ბანკების მიერ გაცემულია 886 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 653 სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა 58 მლნ ლარს. ასეთი ტიპის პროგრამები, მხარდაჭერა, დაფინანსება, ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრს. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები