მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2012 წელს ეკოტურიზმი ბუნებაში ცეცხლის დანთება ეგონათ, ახლა ბევრად წინ ვართ" - ნატალია ბახტაძე ენგლენდერი

ნატალია ბახტაძე

"ეკოტურიზმი არის ბუნებისა და ბუნებრივ არეალში ტრადიციული კულტურებისა და საქმიანობების შეცნობა, შეფასება ან/და ამ მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება“ - ასე განმარტავს საქართველოს ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ეკოტურიზმს.

საქართველოს ეკოტურიზმის პოტენციალსა და გამოწვევებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე ენგლენდერმა ისაუბრა და ის მიზეზებიც გაიხსენა, რატომაც თანამოაზრეებთან ერთად ასოციაციის დაფუძნება გადაწყვიტა.

„2012 წელი იყო, როდესაც მივხვდით, რომ ტურიზმის სწრაფი ტემპით ზრდა, შეიძლება დამანგრეველი და დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის; მასიური ტურიზმი არის ადამიანების მიერ გამოწვეული კატასტროფა, რომელიც ძალიან სწრაფად ცვლის იმ რელიეფებს და კულტურულ ლანდშაფტებს, რომელიც დამახასიათებელია ქვეყნისთვის და როგორც კი დავინახეთ ეს ტენდენცია, თანამოაზრეებთან ერთად, დავაფუძნეთ ასოციაცია და გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ადამიანები, რომელთა საქმიანობა ეკოტურიზმთან არის დაკავშირებული“, - თქვა ნატალია ბახტაძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ის საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიასაც შეეხო, რომელიც 2020 წელს მომზადდა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში გაწერილი მიზნები და ამოცანები მეტ-ნაკლებად სრულდება.

„თუ 2012 წელს ეკოტურიზმი ყველას რატომღაც ბუნებაში ცეცხლის დანთება ეგონა, ახლა ბევრად წინ ვართ და ეკოტურიზმი, როგორც ერთ-ერთი შემოსავლიანი მიმართულება ტურიზმში აღიარებულია როგორც - სახელმწიფოს, ასევე - კერძო სექტორის მხრიდან. ბიზნესიც აღიარებს, რომ ეკოტურიზმი არის ზუსტად ის პროფილი, რომელიც ჩვენი სამიზნე ჯგუფია - ეს არის მაღალმხარჯველუნარიანი, განათლებული ადამიანი, განათლებული, რომელსაც ავთენტიკური გარემო აინტერესებს. ასეთები არიან დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც აინტერესებთ ის ველური ბუნება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ე.წ. Rewild tourism - როგორც მიმდინარეობა ძალიან პოპულარულია; ველური ბუნება ჩვენ გვაქვს და იმედია, შევინარჩუნებთ და მასობრივი ტურიზმის განვითარების სურვილით, დიდად არ ჩავერევით და არ შევცვლით ბუნებას“, - თქვა ნატალია ბახტაძემ.

ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში მოთხოვნად ეკოტურისტულ პროდუქტებს შორისაა ფრინველებზე დაკვირვება ე.წ. Birdwatching-ი, რომლის დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს.

BMGTV-სთან ინტერვიუში მან ეკოტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ერთ-ერთ სუსტ წერტილად ცნობიერების დაბალი დონე დაასახელა.

„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მძლავრი და მდგრადად მზარდი ინდუსტრია. სამწუხაროა, მაგრამ ყველას არ ესმის, რომ ტურიზმის განვითარება არის კომპლექსური, ეს არის ჯაჭვი, რომელსაც ერთი კომპონენტი მაინც თუ აკლია, მთლიანი ვერ იმუშავებს. ამიტომ მხოლოდ განთავსებაზე ან კვების ობიექტებზე ორიენტირება, ან კიდევ გამართულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ზრუნვა არ არის საკმარისი. მაგალითად, ეკოტურისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იმოძრაოს არამოტორიზებული ტრანსპორტით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოტურისტების მოგზაურობისას ერთ ადგილას დიდ ხანს რჩებიან, რაც ნიშნავს მეტ დანახარჯს“, - დასძინა ნატალია ბახტაძე ენგელდერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები