მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012 წლიდან, მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის - ოთარ შამუგია

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
26.01.24 10:48
347

„გილოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას. საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა იანუშ ვოიცეხოვსკიმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები.

ოთარ შამუგიამ ევროკომისარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში.

„გვქონდა ხელშესახები პროგრესი გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში; ეს პროგრესი სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად. სამინისტრო ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს სოფლის მეურნეობის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ.

„2012 წლიდან, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც ამ მიმართულებებით მსხვილ სახელმწიფო ინვესტიციებში გამოიხატა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებას და განვითარებას, სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას”, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გაზრდის კონკურენტუნარიანობას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში. მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტაბილური ზრდის ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით ეფექტიანი სისტემების დანერგვა.

ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების თანახმად ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც აუცილებელია აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულებისთვის შესაბამისი აქტივობების ეფექტიანად და დროულად განსახორციელებლად.

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ახორციელებს წარმატებით და აქვს წინსვლა. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის და, ასევე, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

„საქართველოს გაწევრიანებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ასპექტი უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ველოდებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას”, - აღნიშნა იანუშ ვოიცეხოვსკიმ.

ევროკომისართან გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბელგიის სამეფოში ბიძინა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები