მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2013 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაძლოა აიკრძალოს”-დეპუტატი

ავტოსადგური

საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებს და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ- საქართველოს პარლამენტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილება. გუშინ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე შედგა. კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს და ის საქართველოში მდებარე ავტოსადგურებისთვის და მგზავრთგადამყვანი ოპერატორებისთვის შესაბამისი რეგულაციების დაწესებას გულისხმობს. 

დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე BM.GE-თან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებულ დოკუმენტში  კანონის შესაძლო ამოქმედების თარიღის ცვლილება უკვე მოხდა, რადგან მისი თქმით, პირველად დოკუმენტში მოცემული თარიღი, 2024 წლის 1 თებერვალი არაგონივრული იყო და ახალ წესებზე მორგებას ამ დროში ბიზნესი ვერ მოასწრებდა. 

“ამ ეტაპზე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სამგზავრო გადაზიდვებში 4000-მდე მიკროავტობუსი და 2300 ავტობუსი მონაწილეობს. ეს ქართველი მოსახლეობის საკუთრებაა და თითო სატრანსპორტო საშუალების უკან რამდენიმე ოჯახი დგას. კანონპროექტით დადგენილი ვადებს, შევეცდებით რომ დავაკორექტიროთ და გონივრულისკენ გადაიწიოს. დოკუმენტში წერია, რომ 2024 წლის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო რეგულაციების ნაწილი, მაგრამ აქ ცვლილება შევიდა და 2025 წლის ივნისისთვის გადავიტანეთ ამოქმედების თარიღი, საუბარია, რომ კიდევ გადაიწიოს,”-ამბობს ავთანდილ ენუქიძე. 

კანონპროექტის მიხედვით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულირული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა. 

ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ დამატებით მგზავრთგადამყვანი ოპერატორებისთვის განიხილება კიდევ ერთი შეზღუდვის შემოღება, რომელიც რეგულარულ სამგზავრო გადაზიდვების შემთხვევაში იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება აიკრძალება, თუმცა ის ნებადართული იქნება სხვა შემთხვევებში. 

“არის საუბარი იმაზე, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგულარულ სამგზავრო გადაზიდვებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. იმას შეეძლება ჩარტერულ გადაზიდვებში ან კერძო შეკვეთებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა რეგულარულ სამგზავრო გადაზიდვებში ეს აღარ მოხდება. გასაძლიერებელია აღსრულების ნაწილიც. მომხრე ვარ იმის, რომ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სახმელეთო სააგენტოშია და არის უუფლებო მიეცეს კონტროლის განხორციელების უფლება. დღეს თუ მოსამართლემ არ მისცა მას არ აქვს თანხმობა მივიდეს და შეამოწმოს გადამზიდავი. ავტოსადგურზეც ეს მდგომარეობაა, მაგრამ ამ კუთხით შემოწმებას საგადასახადო მაინც ახორციელებს, “-აცხადებს ავთანდილ ენუქიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები