მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს ₾14 მლნ-ად აშენებული ზუგდიდის სტადიონის რეკონსტრუქციაზე ₾16 მლნ დაიხარჯება

ზუგდიდის სტადიონი

ზუგდიდის სტადიონის UEFA-ს სტანდარტებით აშენებაზე 16.3 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა. სტადიონის აშენებისთვის თავდაპირველად ტენდერი 2015 წელს გაიმართა და მასზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, ფეხბურთის ფედერაციამ არ ჩაიბარა. ხარვეზებს შორის იყო უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობა, ფაქტი რომ 370 სკამიდან მოედანი სრულყოფილად არ ჩანდა, ხოლო მოედნის გარშემო იყო ბეტონის კედელი, რომელიც ფეხბურთელებისთვისთვის შეჯახებისას ჯანმრთელობის რისკს ატარებდა.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც არსებული სტადიონის რკინა-ბეტონის ელემენტები უკვე დაბზარულია, ხოლო შიდა სივრცეები დანესტიანებულია, რითაც ბეტონის გარე შრის საფარი დაზიანებულია, რიგელების შეერთების ადგილას კი გაჩენილია “დიდი სიგანის გამჭოლი ღრეჩო”, რაც დროულ გამაგრებას საჭიროებს.

ახალი ტენდერის ღირებულება 16.3 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სტადიონის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 21 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

“პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით შესასყიდი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით: პრეტენდენტს, 2014 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არაუმეტეს 2 (ორი) ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 8,000,000.00 (რვა მილიონი) ლარის ღირებულების, სპორტული ობიექტ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები