იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს? - ამ კითხვით bm.ge-მ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა.
სეს–ში აცხადებენ, რომ სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების ბაზრის კონტროლის ფარგლებში 2018-2019 წლებში 160 ნიმუში აიღო, საიდანაც 14 შემთხვევაში დაფიქსირდა შეუსაბამობა.
სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ფალსიფიცირების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1000 ლარით და პროდუქციის ბაზრიდან ამოღებით განისაზღვრება.
კითხვაზე, საკმარისია თუ არა ქმედებები და ჯარიმების მოცულობა ბაზარზე არსებული ზოგადი სურათის დასადგენად და პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბასილაძე პასუხობს, რომ „განვითარება საჭიროა“.
"პროგრესი და განვითარება ყველაფერს სჭირდება, თუმცა ემ ეტაპისთვის რისკ–ფაქტორში ეს კონკრეტული მიმართულება ისე არ ვარდება, რომ 160 ნიმუში 2020 წელს 380 გახდეს. რასაც სააგენტო ახორციელებს, ეს არის ის, რაც ადეკვატურობას განაპირობებს", - განმარტა ბასილაძემ.




























