მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018-დან 2022 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

6435389d5b0f7
მარიამ ვარადაშვილი
11.04.23 14:56
772
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი.

საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე და მოითხოვოს საარსებო შემწეობა. რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა [რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე]. 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები - 47%-ით და 176 ათასი შეადგინა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი ქულების კატეგორიის (100001-120000) დამატებით სააგენტოს რეიტინგში. გარდა ამისა, 2020 და 2021 წლებში ზრდა ასევე გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით და მის მიერ გამოწვეული შედეგებით. კერძოდ, პანდემიის პერიოდში მთავრობამ ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად ახალი ბენეფიციარები ემატებოდნენ, გადამოწმება კი არ ხდებოდა.

ბოლო ხუთ წელში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%), ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%). ამასთან, საანგარიშო პერიოდში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები თანდათან გაიზარდა (3.3 მილიარდი ლარიდან 6 მილიარდ ლარამდე). შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.

სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად გაანალიზებულ პერიოდში გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე. საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 20% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დაბალი რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საარსებო შემწეობის ხარჯები 27%-ით გაიზარდა. ეს ზრდა გამოიწვია საარსებო შემწეობის საფინანსო პაკეტის მთლიანმა ზრდამ.

“საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯები პროგრამის დასაფინანსებლად. პროგრამის ხარჯების ზრდა, ბენეფიციარების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე, განაპირობა 2019 წლიდან ერთ ოჯახზე საშუალო საარსებო შემწეობის ზრდამაც. მიუხედავად ამისა საარსებო შემწეობა ერთი ოჯახისთვის, კვლავ დაბალი რჩება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმზე. ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დინამიკა ცხადყოფს, რომ საერთო მონაწილეობა დაბალია, თუმცა აქვს ზრდის ტენდენცია”,-აცხადებენ PMC-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები