მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2019 წელს თუ გარკვეულ პოზიციებზე ანაზღაურება ₾800-900 იყო, ახლა 1500 ლარია“ - რესტორატორი

რედაქტ2

რესტორან "სოფიკოს" თანადამფუძნებლის ირაკლი კახიძის განცხადებით, კადრების დეფიციტის გამო, სარესტორნო ბიზნესში ხელფასები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამ საკითხზე მან BMGTV -ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელფასების მატება ეტაპობრივად არ მომხდარა და ანაზღაურება ერთბაშად თითქმის ყველა დამსაქმებელმა გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად სარესტორნო ბიზნესი მუდმივად კადრების ძიებაშია. ირაკლი კახიძის თქმით, შრომის ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოს მაძიებელს აქვს საშუალება უამრავ შემოთავაზებაში არჩევანი გააკეთოს, რაც მათ დამსაქმებლებთან უკეთეს პირობებში აყენებს.

ირაკლი კახიძე სექტორში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც პასუხობს და ამბობს, რომ პოზიციების მიხედვით ხელფასები განსხვავებულია, თუმცა მაგალითად სუ-შეფის საშუალო ანაზღაურება 1800 ლარიდან იწყება.

„კადრების დეფიციტის გამო, სარესტორნო ბიზნესში ხელფასები 2019 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. შეფების ანაზღაურება ყველაზე პატარა ობიექტის მაგალითზე რომ ვთქვათ 2000 ლარიდან იწყება, გააჩნია ობიექტის სიდიდეს და ფილიალების რაოდენობას. პირობითად თუ 2019 წელს 800-900 ლარიანი პოზიციები გვქონდა სამზარეულოში დღეს ანალოგიურ პოზიციებზე ანაზღაურება 1500 ლარია. ჩვენთან საკონდიტროში დამხმარე კონდიტერის ხელფასი 1000 ლარი იყო, ახლა მათი ანაზღაურება 1 500 ლარიდან იწყება“, - ამბობს რესტორატორი.

რედაქტ2-ში სტუმრობისას ირაკლი კახიძემ ისიც აღნიშნა, რომ კადრების დეფიციტიდან გამომდინარე დამსაქმებლები სარესტორნო სექტორიდან, ხშირად გამოცდილებასაც არ ითხოვენ და პრიორიტეტი სამუშაო ძალის შევსებაა, თუნდაც გამოუცდელი კადრებით, რომლებსაც კომპანია კვალიფიკაციის ამაღლებაში თავად შეუწყობს ხელს .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები