მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ის ბიუჯეტის პროექტი დააკორექტირდა - სად ელოდება მთავრობა მეტ შემოსავლებს?

5de147ba45375
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 20:23
1806
2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების პარალელურად(5%-დან შემცირდა 4.5%-მდე) ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც დააკორექტირა.
წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები 20 მილიონი ლარით, ასევე გაზრდილია საშემოსავლო და მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლები.

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2019 წელს საგადასახადო შემოსავლების განახლებული გეგმა შეადგენს 11 310.0 მლნ ლარს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის გეგმიური მაჩვენებლები შესრულდება გადაჭარბებით. აქვე აღნიშნულია, რომ 2019 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2020 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 23.2%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12 305.0 მლნ ლარს, მათ შორის:

· საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 725.0 მლნ ლარით, რაც 35.0 მლნ ლარით მეტია ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით. საშემოსავლო გადასახადის მთლიანი მოცულობიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 415,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 310,0 მლნ ლარს;

გაანგარიშებაში გაკეთებულია საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე წლის და 2020 წლისთვის ეკონომიკის ნომინალური ზრდის პროგნოზების შესაბამისად.

· მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 970.0 მლნ ლარით, რაც 20.0 მლნ ლარით მეტია ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით;

გაანგარიშებაში გათვალისწინებულია რომ მიმდინარე წელს მოგების გადასახადი გადაჭარბებით შესრულდება და გადააჭარბებს 860.0 მლნ ლარს. აღნიშნული მაჩვენებლის და ნომინალური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით არის გაანგარიშებული მოგების გადასახადის 2020 წლის პროგნოზი. ასევე გათვალისწინებულია BP-ის მიერ მოგების გადასახადის სახით გადასახდელი თანხის ზრდა (ახალი ნავთობსადენის აშენებიდან გამომდინარე).

· დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 80.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 5 430.0 მლნ ლარის ოდენობით. დღგ-ს მოცულობის ზრდა დაკავშირებულია მიმდინარე წლის განახლებულ პროგნოზებთან, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის გეგმიური მაჩვენებელი შესრულდება გადაჭარბებით, რაც თავის მხრივ იწვევს მომდევნო წლის მოცულობის ზრდას. დღგ-ს მთლიანი მოცულობიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 398.3 მლნ ლარს, ხოლო მუნუციპალიტეტების წილი 1 031.7 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2019 წელთან შედარებით იზრდება 85.0 მლნ ლარით);

· პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი, მიმდინარე წლის შესრულების გათვალისწინებით გაიზარდა 20.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 1 400.0 მლნ ლარის ოდენობით;

· იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარით;

· ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 498.3 მლნ ლარს;

· სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 201.7 მლნ ლარით;

“ამასთან, 2020 წელს აქტიურად გაგრძელდება წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია რომ 2020 წელს დაბრუნდება 600.0 მლნ ლარზე მეტი”,- ნათქვამია გადამუშავებულ დოკუმენტში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები