2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ვარდნა იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. მიმდინარე წლის დასაწყისში საქსტატმა გამოაქვეყნა წინასწარი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს საქართველოში 6.2%-იანი რეცესია იყო, თუმცა დღეს უწყებამ საკუთარი წინასწარი შეფასება შეცვალა. ახალი, დაზუსტებული ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს რეცესია არა 6.2%, არამედ 6.8% იყო, რაც წინასწარ შეფასებაზე 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია. ასეთი მაღალი ვარდნა საქართველოს 1994 წლის შემდეგ არ ჰქონია.
გასულ წელს ეკონომიკური ვარდნის უმთავრესი მიზეზი პანდემიური კრიზისის ფონზე დაწესებული ორი მკაცრი ლოქდაუნი და ჩაკეტილი საზღვრები იყო, რის გამოც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა თითქმის გაიყინა.
რეცესიის და ლარის გაუფასურების გამო, 10%-ით შემცირდა როგორც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ($17.47 მილიარდიდან $15.84 მილიარდამდე), ერთ მოსახლეზე მშპ-მ კი$4,697-დან $4,256-მდე იკლო.
2021 წელს საქართველოს მთავრობა “რეკორდულად მაღალი” ზრდით ამაყობს, რადგან მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ზრდამ 11.3% შეადგინა, თუმცა ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ე.წ. “საბაზო ეფექტია”, რადგანაც წელს არსებული გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები შარშანდელი პერიოდის მაჩვენებლებს დარდება. თუკი რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2019 წლის პარამეტრებს შევადარებთ, დავინახავთ რომ ორწლიან მონაკვეთში საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 6%-ია.
მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.




























