მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკრეტულ პროექტს, რასაც ამხელა ზრდა უნდა გამოეწვია, ვერ ვიხსენებ - ეკონომისტი ეკონომიკურ ზრდაზე

დავით კეშელავა

"მოულოდნელად მაღალია, გაცილებით დაბალ ზრდას ველოდი", - ასე აფასებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი აპრილის ეკონომიკურ ზრდას. დავით კეშელავას უჭირს კონკრეტული ფაქტორის გახსენება, რამაც მშპ 11.8%-ით გაზარდა.

"ბაზის ეფექტი არ არის. რამ გამოიწვია, პასუხის გაცემა გვიჭირს, რადგან კომპონენტების მიხედვით დეტალური ჩაშლა არ გვაქვს. არ ვიცით, ეს მოხმარებიდან მოდის, ინვესტიციებიდან თუ სხვა მხრიდან. კონკრეტულ ერთ პროექტს ან რამე მნიშვნელოვან ფაქტორს , რასაც შეეძლო ამხელა ზრდა გამოეწვია, ვერ ვიხსენებ", - აღნიშნა დავით კეშელავამ.

ეკონომისტის პროგნოზით, "რუსული კანონი" საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება. ის ელის, რომ შემდეგ თვეებში ზრდის ტემპი შემცირდება.

"მოკლევადიან პერსპექტივაში და მთელი წლის განმავლობაში [ეკონომიკის] შემცირებას არ ველოდები, მაგრამ ნაკლები იქნება ზრდა, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს მოვლენები რომ არ მომხდარიყო. არის მიმართულებები, რომლებზეც შედარებით სწრაფად ექნება გავლენა, ტურიზმია პირველი. დემონსტრაციების ფონზე, ვიცით, რომ ჯავშნები გაუქმდა და ადამიანები სერიოზულად ფიქრობენ, რამდენად ღირს აქ ჩამოსვლა. მეორე მიმართულება, რომელზე იმოქმედებს ინვესტიციებია. ვხედავთ, რომ რისკები გაიზარდა. მოსალოდნელია, ინვესტორების ნაწილმა ინვესტიციებისგან თავი შეიკავოს" , - განაცხადა დავით კეშელავამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში საშუალო მაჩვენებელი 9% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები