მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი IT-ია - პირველ კვარტალში შემოსავალი $231 მლნ-ია

64ad421840744
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.23 15:58
2102
სტატიაში საუბარია:
დღეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი კომპიუტერული მომსახურების გაწევაა. ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $231 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 322%-ით აღემატება.

საქსტატის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მატება სწორედ ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფეროშია, რომელიც თავის თავში IT ინდუსტრიასაც აერთიანებს. სექტორის დონეზე მატება პირველ კვარტალში 44%-ია.

საქართველოში IT სექტორის შემოსავლების ბუმი ორი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის პირველია ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა, რისი ტენდენციაც ბაზარზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება. აღნიშნულის შედეგად, ქვეყანაში აუთსორს სერვისების მიწოდების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.

მეორე ფაქტორია მიგრაცია, რადგანაც ამ სექტორის ბრუნვის მატება პირდაპირ ემთხვევა 2022 წელს, როდესაც ქვეყანაში ათასობით რუსი; უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტის შემოსვლა მოხდა. მაგალითად, თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში სფეროს საგარეო შემოსავლები 53.5 მილიონი დოლარი იყო, უკვე მეორე კვარტლის მდგომარეობით, ის 93.3 მილიონამდე, მესამე კვარტალში კი 179 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მატების ტრენდი პირდაპირ თანხვედრაშია მიგრაციის მატებასთან.

ამას აჩვენებს დასაქმებულთა რაოდენობაც. თუკი 2021 წელს IT, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სექტორში 30 ათასი ადამიანი მუშაობდა, უკვე 2022 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის ზომა 41 ათასს აჭარბებდა. თუკი 2021 წელს ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სფეროში საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარის ტოლი იყო, 2022 წლის ბოლოსთვის მან 3,800 ლარს მიაღწია.

მართალია არსებობს ალბათობა, დროებით ემიგრირებულმა პირებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველო დატოვონ. თუმცა, მოსალოდნელი კლების მიუხედავად, მზარდია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ადგილობრივი კადრების რაოდენობაც. პარალელურად, იზრდება მოთხოვნა გლობალურ IT ბაზარზეც, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფაქტორები ამ რისკს გაანეიტრალებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები