მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მთავრობამ რთველის სუბსიდიაზე უპრეცედენტო თანხა - 104 მლნ დახარჯა

6066ea8189310
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.21 14:00
1099
2020 წლის რთველში საქართველოს მთავრობამ 104 მილიონი ლარის სუბსიდია გასცა - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. სუბსიდიის ეს მოცულობა წინა წლებთან შედარებით რეკორდულია და 2019 წლის სუბსიდიის მოცულობას 20 მილიონ ლარზე მეტად აღემატება.

სუბსიდირების არსებული მოდელის მეშვეობით, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხანა შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებს და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებს, რასაც შემდგომში მთავრობა საბითუმო ბაზარზე ყიდის. 

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების (კომპანიების სუბსიდირების), ასევე რთველის ორგანიზებულად ჩატარების და ღვინის კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, მიმართულმა ასიგნებებმა შეადგინა 104.3 მლნ ლარი. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 310.0 მლნ ლარს მიაღწია", - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თუკი მთლიანად რთველის პროცესში მევენახეებმა 310 მილიონი ლარის შემოსავალი ნახეს და აქედან 104 მილიონი ლარი სწორედ სახელმწიფო სუბსიდიას წარმოადგენდა, გამოდის, რომ ქვეყანაში მოწეული მოსავლის 1/3 სწორედ სახელმწიფომ შეიძინა. ეს კი თავის მხრივ, ყურძნის ბაზარზე სახელმწიფოს მნიშვნელოვან მონაწილეობაზე მეტყველებს. უფრო მარტივად, რთველის დროს გაცემული ყოველი 3 ლარიდან, 1 ლარის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი იყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სუბსიდირების პროცესი გამარტივებული შესყიდვებით წარიმართა: 

2020 წლის 31 ივლისს, შესყიდვების სააგენტომ გასცა თანხმობა ღვინის კომპანია სს "აკურაზე", რომელიც იმ პერიოდისთვის სრულად სახელმწიფო საკუთრებაში იყო, რათა მას მევენახეებისგან გამარტივებული წესით 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეეძინა და მისი გადამუშავება მოეხდინა;

2020 წლის 24 სექტემბერს, გაიცა თანხმობა ს.ს. "აკურას" მიერ გამარტივებული წესით დამატებით 35 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვა/გადამუშავებაზე;

2020 წლის 21 ოქტომბერს გაიცა თანხმობა ს.ს. "აკურას" მიერ გამარტივებული წესით დამატებით 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვა/გადამუშავებაზე;

2020 წლის 25 სექტემბერს გაიცა თანხმობა შპს "მოსავლის მართვის კომპანიაზე", რათა მას გამარტივებული წესით  დამატებით 15 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეეძინა და გადაემუშავებინა. 

შესაბამისად, ოთხივე გამარტივებული შესყიდვის ღირებულებამ 110 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ირკვევა უშუალოდ მევენახეებმა 104 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღეს. 

2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით ახდენს. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა ღვინის ქარხნებმა მთლიანი მოსავლის ერთი მესამედი ჩაიბარეს. შედარებისთვის, 2019 წელს შესყიდული ყურძნის ღირებულება 80 მილიონი ლარი, 2018 და 2017 წლის სუბსიდია კი 40 მილიონი ლარი იყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები