მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 75 მლნ იყო - არხების სარეკლამო შემოსავლის რეიტინგი

60489bffab571
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.21 15:12
1724
2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით (11%-ით) მეტია.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, პანდემიური კრიზისის მიუხედავად, მთლიანად ბაზრის ზრდა მნიშვნელოვანწილად ფასიანმა პოლიტიკურმა რეკლამებმა განაპირობეს. მთლიანობაში პოლიტიკური რეკლამის მოცულობა 13.9 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა; მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში 3%-იანი - კლება. ჯამურად, წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულიშემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

“2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა; გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე - მაუწყებლები. ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი, როგორც ამას კომისია ვარაუდობდა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.

პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3-მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს - 0,344-მილიონიანი,” - ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო შემოსავალი 75.2 მლნ ლარი იყო, ეს თანხა არხებზე ასე ნაწილდება:

1. "იმედი" - სარეკლამო შემოსავალი 29 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 3.3 მლნ;
2. "რუსთავი 2" - სარეკლამო შემოსავალი 12.8 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 2.1 მლნ;
3. "მთავარი არხი" - სარეკლამო შემოსავალი 11.1 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 4,3 მლნ;
4. "ტელეკომპანია პირველი" - სარეკლამო შემოსავალი 6,2 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 1.9 მლნ;
5. "GDS" - სარეკლამო შემოსავალი 2.8 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 0.5 მლნ;
6. "ფორმულა" - სარეკლამო შემოსავალი 2.3 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 0.4 მლნ;
7. "პოსტვ" - სარეკლამო შემოსავალი 1.6 მლნ ლარი, მათ შორის 0.3 მლნ პოლიტიკური რეკლამა;
8. "საზ. მაუწყებელი" - სარეკლამო შემოსავალი 1.1 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი;
9. "სილქნეტი" - სარეკლამო შემოსავალი 1.4 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი;
10. "სეტანტა ჯორჯია" - სარეკლამო შემოსავალი 0,76 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი.

2020-ში ახალმა მაუწყებლებმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გადანაწილება შეცვალეს:

“სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი - ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“ -ს - 41%; 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს - 41%; 2019 წელს "იმედს" 40% ეკავა, „რუსთავი 2“-ს - 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79%-ს უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია - „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა: 39% - ტელეკომპანია „იმედი“, 17% - „რუსთავი 2“, 15% - „მთავარი არხი“, 8% - „ტელეკომპანია პირველი“ და 4%- GDS-ი; ტელეკომპანია „ფორმულა“ - 3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა,” - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად პანდემიას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები