მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლიდან საქართველოში მედიაციის შესახებ კანონი ამოქმედდება

5db8630a96b5c
BM.GE
30.10.19 10:45
2924
2019 წლის 27 სექტემბრებს საკანონმდებლო მაცნეზე მედიაციის შესახებ კანონი გამოქვეყნდა და ის ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. ამ თარიღის შემდგომ, საქართველოში სამოქალაქო დავების გადაწყვეტის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი გაჩნდება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით კი, მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობები. მედიაციის შესახებ კანონის მიღებაც სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდა.

დღეისათვის სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სამოქალაქო დავების სიმრავლის კუთხით სასამართლოების გადატვირთულობა წარმოადგენს, რის გამოც საქმის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულება, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება.

მედიაციის კანონის მიხედვით, თავად ეს ტერმინი ასე არის განმარტებული - “პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით.”

კანონის მიხედვით, მედიატორთა ასოციაცია განსაზღვარვს მოთხოვნებს, რომლებიც მედიატორებმა უნდა დააკმაყოფილონ, ამასთანავე, შეიქმნება ერთიანი რეესტრი, რომელშიც მედიატორები გაერთიანდებიან.

კანონის მიხედვით, მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა თუ:

ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;

ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;

გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან;

დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან;

ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია, − მედიატორის მიერ ამ განცხადების გაკეთების დღიდან.

მედიატორის ანაზღაურების წესსა და პირობებზე თანხმდებიან თავად მედიატორი და მხარეები;  თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეული მხარის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად ამ მხარეს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საბოლოო ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

მედიაციის კანონი მედიატორთა მიმართ გარკვეულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს. კონკრეტულად კი საუბარია ინტერესთა კონფლიქტის მუხლებზე, რომლებიც მედიატორებს, რომლებიც საქმის რომელიმე მოდავე მხარეს იურიდიულ თუ აუდიტორულ მომსახურებას უწევდნენ, საქმის განხილვა ეზღუდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები