საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად. 2015 წლიდან კანონში შესული ცვლილებით, დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტრო.
2025 წლიდან ძალაში შედის „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ შემთხვევაში ორგანოს გადანერგვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. გასულ თვეში მიღებული კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლო ვალდებულია მოსამართლეთა შესაბამისი კომპეტენცია უზრუნველყოს და 2025 წლამდე მოსამართლეთა გადამზადება განახორციელოს.
ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ისედაც გადატვირთული სასამართლოს პირობებში ოჯახის წევრებისთვის გადანერგვაზე სასამართლოს მოცდენა გამართლებულად არ მიაჩნია.
„გამოკვლევაა საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ არსებობს თუ არა დონორსა და რეციპიენტს შორის რაიმე ფინანსური გარიგება. ეს საკმაოდ ძნელი გამოსაკვლევია. ძალიან მაღალია რისკი. ცოცხალი დონორობის შემთხვევაში თუ დონორი არის ნათესავი, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო იძლეოდა ნებართვას, თუ ეს იყო არა ნათესავი, არამედ ახლო ემოციურ სიახლოვის მქონე პირი, რა ცნებაც შემოვიდა 2015 წლის შემდეგ ჩვენს კანონმდებლობაში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ახალი კანონის თანახმად ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
სასამართლო ახლაც გადატვირთულია, იქ რომ გაიტან საკითხს, დედა ან მამა რომ აძლევს ორგანოს შვილს, ამდაგვარ საკითხებზე სასამართლოს მოცდენა ცოტა ისე მიმაჩნია.
2015 წელს, როცა მოხდა კანონის ლიბერალიზაცია, მეგობრები, როგორც დონორები გაჩნდნენ უკვე 65%-ის შემთხვევაში, რაც ცოტა გარკვეულ ეჭვს ბადებს. მეტი დროის დათმობაა საჭირო მათი რეალობის დასადგენად, რადგან იყო ასეთი შემთხვევა, როცა დონორი იყო ერთი ქვეყნიდან, მეორე ქვეყნიდან რეციპიენტი. ამბობდნენ რომ იყვნენ მეგობრები, როცა ერთმანეთის ენა არ იცოდნენ... ასოციაციასთან არსებულმა ეთიკურმა საბჭომ მათ სასამართლოს თანხმობა მოსთხოვა და მათ მოიტანეს სასამართლოს თანხმობა. ბევრია ასეთი შემთხვევები, როცა ეჭვი ჩნდება.
ამას 2-3 დღეში ვერ დაადგენ. პაციენტსაც არ აქვს იმის დრო, რომ თვეობით ელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის დროს ამდენი დრო არ არის“,-აცხადებს გია თომაძე.
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს.
დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.