გასულ კვირას პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“ დაამტკიცა, რომელიც ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს აწესრიგებს და გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს ადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს - ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” პროფესორი გია თომაძე, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს.
“საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, დაარსებულია ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, სადაც არის დონორობის მსურველთათვის რეგისტრატურა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი სურვილი, გარდაცვალების შემდეგ დონორობაზე. ამ სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ისევე ფიზიკურად. ორივე შემთხვევაში პაციენტს გადაეცემა დონორის ბარათი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სურვილის გამოხატულებას, რომ გარდაცვალების შემდეგ იგი თანახმაა, იყოს ორგანოთა დონორი.
დღეის მონაცემებით საქართველოში არც ისე ბევრი, 500-ზე მეტი ადამიანია თანახმა. საქმე ისაა, რომ მსურველი უფრო მეტია, რომლებიც დაფიქსირდნენ ონლაინ, თუმცა ბარათის წასაღებად არ მოსულან და მათ საბოლოო დონორებად არ ვთვლით”, - ამბობს გია თომაძე.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, ახალ კანონში ასევე ჩაიდო დაზღვევის მექანიზმები, რომლის თანახმადაც, ცოცხალ დონორსა და რეციპიენტს შორის ორგანოთა ტრანსპლანტაციაზე თანხმობას მხოლოდ სასამართლო გასცემს.
“თუ ადრე ცოცხალი დონორი შესაძლებელი იყო, რომ მხოლოდ ახლო გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე ყოფილიყო, 2015 წლიდან ამ სიას ახლო პიროვნული ურთიერთობის მქონე ადამიანი დაემატა, ანუ მეგობარი, ნათლია, ნათლული… საკმაოდ გაიზარდა ამგვარ მეგობართა ხვედრითი წილი დონორებში. რთულია დაადგინო, რეალურად არსებობს თუ არა მჭიდრო ემოციური კავშირი ამა თუ იმ პიროვნებას შორის. ამიტომ იყო, რომ თუ გენეტიკური ნათესავი ან მეუღლეა რეციპიენტი, გადანერგვის ნებართვას ჯანდაცვის სამინისტრო გასცემდა, ხოლო თუ ეს არის ემოციური სიახლოვე, ამას ადგენდა სასამართლო.
ახალი კანონის თანახმად, დონორების ორივე კატეგორია უნდა დადასტურდეს და ნებართვა გაიცეს სასამართლოს მიერ. საინტერესო მუხლებია კანონმდებლობაში ჩადებული, რომელიც მოსამართლეთა სათანადო მომზადებას გულისხმობს, სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ და შეიმუშაონ ისეთი მექანიზმი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ფინანსურ გარიგებას და მაქსიმალურად დაადასტურებს დონორ-რეციპიენტს შორის ემოციურ სიახლოვეს”, - განმარტავს გია თომაძე.
რაც შეეხებათ ორგანოს გადანერგვის მსურველთა რეგისტრაციას, პროფესორის განმარტებით, მათი სია პაციენტთა სრული სკრინინგის საფუძველზე დგება და ეს გამოკვლევა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
“მომლოდინეთა სიაში შეყვანილია პაციენტები, ვისაც აქვთ ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციის ტერმინალური უკმარისობა, რაც სკრინინგის საშუალებით დგინდება. ასეთი სკრინინგი დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, დაახლოებით $1000-ია საჭირო ერთი პაციენტის გამოსაკვლევად, რათა იგი მომლოდინეთა სიაში იყოს შეყვანილი.
დღეისათვის საქართველოში ხდება თირკმლის სამ და ღვიძლის ორ კლინიკაში გადანერგვა. ყველას, ვინც გადანერგვას აწარმოებს, ესაჭიროება სათანადო ლიცენზია, რომელიც გაცემული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ”, - განმარტავს გია თომაძე.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ორგანოთა გადანერგვის შემთხვევაში ფინანსური სარგებლის მიღება კერძო პირის მიერ, აღიქმება როგორც ორგანოთა ტრეფიკინგი და 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.