ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6%-ით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა.
„ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე, ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს. წელს, ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით საშუალოდ 4.1%-ით მაღალია. ტურიზმის მაღალი წილი ჩვენს ეკონომიკაში იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდეგ, ტურისტული ვიზიტები თითქმის განულდა, რაც სექტორისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50%-ს აჭარბებს.
წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაინც გაუმჯობესდა და წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 8.4% იქნება.




























